ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის და ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობა იწყება. ამასთან დაკავშირებით, სიმბოლური კაფსულის ჩადების ღონისძიება გაიმართა. მონაწილეებს ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მიმართა და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
"დღეისათვის არსებული 2.5 კილომეტრის ნაცვლად, ჩვენ გვექნება 3.5 კილომეტრის სიგრძის ასაფრენ დასაფრენი ზოლი, რომელიც ყველა ტიპის ავიახომალდს მოემსახურება. ეს გვაძლევს საშუალებას, რომ როგორც მგზავრების ნაკადი გავზარდოთ ქვეყანაში, ქუთაისში, ასევე, ქუთაისს მიეცემა საშუალება, რომ იყოს ძალიან მნიშვნელოვანი სატვირთო გადაზიდვების ჰაბი. პარალელურად, როგორც იყო აღნიშნული, დაგეგმილია სატერმინალო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და გაზრდაც, რაც პერსპექტივაში საშუალებას მოგვცემს, რომ 5 მილიონამდე მგზავრს მოვემსახუროთ," - აცხადებს ლევან დავითაშვილი.
შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" დირექტორი, ირაკლი ქარქაშაძე აცხადებს, რომ აღნიშნული პროექტებით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების ახალი ეტაპი დაიწყო.