12 ოქტომბერი 2024,   15:19
ვრცლად
"გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ არც "ნაციონალური მოძრაობის" რევანშის შესაძლებლობა დავუშვათ და "ქართული ოცნებაც" მშვიდობიანად გავუშვათ ოპოზიციაში" - თეონა აქუბარდია

პრეზიდენტსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მიმდინარე კონსულტაციებს ოპოზიციის წარმომადგენლები ეხმაურებიან. პარტიის "გახარია საქართველოსთვის" წევრი, თეონა აქუბარდია აცხადებს, რომ პრეზიდენტთან კონსულტაციები ქვეყნის ევროპულ გზაზე დასაბრუნებლად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

"ჩვენ გავაგრძელებთ პრეზიდენტთან კონსულტაციებს და გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ არც "ნაციონალური მოძრაობის" რევანშის შესაძლებლობა დავუშვათ და "ქართული ოცნებაც" მშვიდობიანად გავუშვათ ოპოზიციაში იმისთვის, რომ ამ ქვეყნის ევროპული ბედი და ჯანსაღი განვითარების შესაძლებლობა შევქმნათ," - აცხადებს თეონა აქუბარდია. 

მიდმინარე კონსულტაციებს და განსახილველ თემებს პლატფორმის "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" წევრი სერგო ჩიხლაძე ეხმაურება. 

"პრეზიდენტს ჰქონდა წუხილი, რომ არჩევნების შემდგომ ბევრი დრო რომ არ დაიკარგოს კაბინეტის ფორმირებაზე, პრემიერის კანდიდატზე და ა.შ. ახლავე ხომ არ ვიფიქროთ ამაზეო. რაზეც ჩვენ ვუთხარით, რომ ის ერთ თვე, რაც არის გამოყოფილი, სავსებით საკმარისი იქნება კონსენსუსის მისაღწევად. ეს იყო მთავარი შედეგი. ასევე, მნიშვნელოვანია, ვის რა ნდობის მანდატი ექნება, რომ კონსენსუსი ჩამოყალიბდეს და გადანაწილდეს კაბინეტის წარმომადგენლები. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქარტიაში რაც წერია, რომ ეს იქნება პროფესიონალებით დაკომპლექტებული მთავრობა, რომ პრეზიდენტთან იქნება მჭიდრო კოორდინაცია და ერთად იქნება გადაწყვეტილება მიღებული, ეს არსად წასულა და ამის ერთგულები ვართ," - აცხადებს სერგო ჩიხლაძე.

ავტორი: ნანა გოგატაძე 

 

 

დღის ამბები