პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების“ წევრი დავით მათიკაშვილი “დღის კურიერის“ ეთერში გუშინდელი პროკურატურის ბრიფინგს შეეხო და აღნიშნა, რომ “ნაციონალური მოძრაობა“ თარგამაძის მკვლელობის მცდელობის საქმის გაუბრალოებას და გაუფასურებას ცდილობს, რაც მისი თქმით ცხადყოფს, რომ მათგან ყველაფერი არის რეალურად მოსალოდნელი.
“რაც უფრო მეტად ცდილობენ “ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, რომ გააუბრალოონ ეს თემა და მნიშვნელობა დაუკარგონ ამ საკითხს, რომელზეც პროკურატურამ გუშინ შესაბამისი ბრიფინგი გამართა, მით უფრო მეტად ცხადდება და საზოგადოებისთვის ნათელი ხდება, რომ რეალურად ამ რადიკალური კრიმინალური დაჯგუფებისგან ყველაფერია მოსალოდნელი და ისინი თავის ამ საქციელით ირიბად ადასტურებენ კიდეც ყველაფერს.
რატომ უნდა მიიღოს ადამიანმა გადაწყვეტილება, რომელსაც 18 წლიანი სასჯელი ელოდება კონკრეტული დანაშაულისთვის არჩევნებამდე იგივე ადამიანი შემოიპარება საქართველოში, რომელსაც ზურგს უკან აქვს ასეთი მძიმე ბრალდება. ცხადია ამ დროს ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება. საგამოძიებო ორგანოებს მართებთ ფორსირებული მიდგომა, რომ მოკლე დროში დადგინდეს სიმართლე და საზოგადოებამ გაიგოს თუ რა მიზნებით შემოვიდა ეს ადამიანი საქართველოში,"- აცხადებს დავით მათიკაშვილი.