21 დეკემბერი 2024,   16:07
ვრცლად
“საერთოდ არ შემიხორცდა და ფილერი გადმოდიოდა... ბრილიანტის მწვანის იქით არაფერი გამოუყენებია" - კოსმეტოლოგიური მანიპულაციების მსხვერპლი ემიგრანტი ქალების ისტორიები

თემა, რომელზე მუშაობაც “კურიერი პიესმა“ ჯერ კიდევ წინა კვირას დაიწყო - საუბარია კოსმეტოლოგიური მანიპულაციების მსხვერპლ ემიგრანტ ქალებზე, რომლებსაც შესაბამისი პროცედურები, ქუთაისელმა ექიმმა სახლის პირობებში არასტერილურ გარემოში გაუკეთა. ჩვენ ორი დაზარალებულის ისტორია მოგიყევით, თუმცა აღმოჩნდა, რომ მსხვერპლთა რიცხვი გაცილებით დიდია.

“ჩემი გართულება გაკეთებიდან მეხუთე დღეს დაიწყო, ტკივილები მქონდა, რაზეც მეუბნებოდა, რომ ნორმალურია და ეს აბებს უნდა გაეყუჩებინა, მაგრამ მერე ნემსებიც დამჭირდა. მერე უკვე დაჩირქდა და მითხრა, რომ ამას ვერ განსაზღვრავ კანის ინდივიდუალურ შეხორცებას. საერთოდ არ შემიხორცდა და ფილერი გადმოდიოდა, ერთი სიტყვით შადრევანი მქონდა ამ ნივთიერების. მითხრა რომ ჩამოვალ და მოგხედავ, მაგრამ ბრილიანტის მწვანის იქით არაფერი გამოუყენებია. მითხრა, რომ ეს პრობლემა დროებითია და მოგვარდება. მერე უკვე ძალიან რომ გართულდა მივედი ექიმთან რომელმაც მითხრა რომ სავსე ვიყავი ინფექციით, ორივე მკერდი გამიჭრა და ჯერ გამოდევნა ეს სითხე და შემდეგ უკვე ანტიბიოტიკებით ვიმკურნალე,“ - ამბობს ერთ-ერთი დაზარალებული.

ვიდეო, რომელიც თავად დაზარალებულებმა “კურიერი პიესს“ მოგვაწოდეს, ჩანს, რა პირობებში გაიკეთეს მათ ესთეტიკური მანიპულაცია. კოსმეტოლოგმა ისინი ნეაპოლში არა კლინიკაში, არამედ ერთ-ერთ ბინაში დაიბარა, სამედიცინო მაგიდის ნაცვლად სავარძელზე დააწვინა, ვიდეოში ისმის მცირეწლოვანის ხმაც, მანიპულაციის დროს ოთახში იყვნენ ბავშვებიც.

“დაგვიბარა ბინაში სადაც ცხოვრობდა ოჯახი, არანაირი სამედიცინო მაგიდა, იყო უბრალოდ დივანი და ამ პირობებში გაგვიკეთა,“ - იხსენებს დაზარალებული.

არის ასევე, მეორე დაზარალებული, რომელმაც ასევე მკერდის კორექცია გაიკეთა.

“5 თვის განმავლობაში მქონდა ტკივილები, მქონდა სიცხეებიც. შემდეგ დამიჩირქდა. რომ ვეუბნებოდი, მტკივა-თქო, მეუბნებოდა ჩაჯდება და მოგვარდება. დაჩირქების შემდეგ გადავიღე ფოტოები და გავუგზავნე,“ - ამბობს დაზარალებული.

მას შემდეგ, რაც პაციენტმა სპეციალისტს გართულებების ამსახველი ფოტოები გაუგზავნა, მან ხმოვანი შეტყობინებით პრობლემის მოგვარების ინსტრუქცია მისცა.

კოსმეტოლოგი პაციენტებს არწმუნებდა, რომ ექიმთან მისვლა საჭირო, არ იყო. იტალიელი ქირურგების თქმით კი, მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ დაგვიანების შემთხვევაში შეიძლებოდა ქართველი ქალების გალამაზების მცდელობა ფატალურად დასრულებულიყო.

“იტალიელმა ქირურგმა მითხრა რომ ბედი მქონია, რომ გასკდა და გარეთ გამოვიდა ეს ყველაფერი, თორემ წავიდოდა სეფსისი და ისე გარდაიცვლებოდი რომ ვერავინ ვერ გაიგებდა, რა მოხდაო. მან ჩემი სიცოცხლე დადო სასწორზე,“ - ამბობს დაზარალებული.

ქართველი ემიგრანტების ბრალდებების ადრესატი ქუთაისელი კოსმეტოლოგი ლელა კოკელაძეა, პაციენტებს ეცნობა, როგორც ლელა კუკია. მას ქუთაისში კლინიკა 21-ე საუკუნეში მივაკითხეთ. მან გართულებები პაციენტების მხრიდან ჭრილობის არაჰიგიენურად მოვლით ახსნა, იტალიელ ექიმებს კი ნაკერი დაუწუნა.

ბინაში სამედიცინო ინვაზიური პროცედურების ჩატარება იკრძალება. ასევე, ეკრძალება სპეციალისტს უცხო ქვეყანაში საერთაშორისო სერტიფიკატის გარეშე მუშაობაც.

რა პირობებში აკეთებს პროცედურებს საქართველოში არ გვაჩვენა, არც კლინიკაში შეგვიშვა და არც ფოტოები გამოგვიგზავნა, გამოგვიგზავნა მხოლოდ ორი სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს, რომ გავლილი აქვს სახის მოდელირების ტრენინგი. ლელა კუკია არც საქართველოს ესთეტიკური მედიცინის საზოგადოებაში ირიცხება.

იმისთვის, რომ პაციენტმა მინიმუმამდე შეამციროს რისკები ასევე, შეუძლია მოსთხოვოს ექიმს შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტები, მაგრამ მთავარი გაფრთხილება პროფესიონალებისგან არის ის, რომ არ დათანხმდნენ ესთეტიკური მედიცინის პროცედურებს სახლის პირობებში.

დღის ამბები