02 ნოემბერი 2024,   19:42
ვრცლად
გონს უნდა მოვიდნენ ჩემი კოლეგები ოპოზიციიდან, გამოვიდნენ ამ ქარტიიდან და დაივიწყონ პრეზიდენტის ინიციატივა - ალექსანდრე რაქვიაშვილი

უშედეგო კონსულტაციების მიუხედავად, ორბელიანების სასახლეში შეხვედრები ე.წ. ტექნიკური მთავრობის შესარჩევად ამ დრომდე გრძელდება.

საკითხი უკვე თითქმის ერთი კვირაა ურთიერთბრალდებების თემაა, რასაც ახლა ზურაბიშვილის ულტიმატუმიც დაემატა.

პრეზიდენტი პარტიებისგან ითხოვს დაადასტურონ თითოეული პუნქტის ერთგულება ან ხელმოწერა უკან წაიღონ. ქარტიაში კი წერია, რომ ტექნიკური მთავრობის დაკომპლექტება, მხოლოდ ხალხის მანდატის მოპოვების შემდეგ უნდა მოხდეს.

სალომე ზურაბიშვილი კანდიდატების დასახელებას არჩევნებამდე გეგმავს - სხვა დეტალები ამ ეტაპზე არ კონკრეტდება.

მიმდინარე პროცესს ოპოზიციისთვის დამაზიანებლად მიიჩნევს "გირჩი". პარტიის წევრი, ალექსანდრე რაქვიაშვილი, მის ოპოზიციონერ კოლეგებს მოუწოდებს უარი თქვან პრეზიდენტის ქარტიაზე, რადგან ეს ქარტია ოპოზიციის განადგურების გეგმას ჰგავს.

"ძალიან სამწუხაროა რაც ხდება, ამასობაში, საკმაოდ საშიშიც. გონს უნდა მოვიდნენ ჩემი კოლეგები ოპოზიციიდან, გამოვიდნენ ამ ქარტიიდან და დაივიწყონ პრეზიდენტის ინიციატივა. პრეზიდენტი რომ ასე დემონსტრაციულად ძალადობს ოპოზიციის იმ ოთხ სულელურ პარტიაზე, რომლებმაც ელემენტარულად პოლიტიკური პოზიცია ვერ ჩამოაყალიბეს, ეს უცნაურად გამოიყურება, იმიტომ, რომ არ მგონია, ეს იყოს შემთხვევითობა. უფრო, ოპოზიციის განადგურების გეგმას ჰგავს", - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

დღის ამბები