ნეპალელი მოზარდი მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა ადამიანი გახდა, რომელმაც მსოფლიოს 14 ყველაზე მაღალი მწვერვალი დალაშქრა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
18 წლის ნიმა რინჯი შერპამ, ოთხშაბათს 8027 მეტრიანი შიშაპანგმას მწვერვალს მიაღწია, რომელიც ბოლოა 14 "რვაათასიანი" მწვერვალებიდან, რომელიც მთამსვლელობისა და ალპინიზმის საერთაშორისო ფედერაციის მიერ არის აღიარებული. მოზარდმა მწვერვალს პარტნიორთან პასანგ ნურბუ შერპასთან ერთად მიაღწია.
ნიმას მიღწევა ნეპალის მთამსვლელთა ასოციაციამ დაადასტურა.
ნიმა რინჯი შერპამ თავისი ეპიკური მოგზაურობა 2022 წლის სექტემბერში დაიწყო, როდესაც ნეპალში, მანასლუს 8163 მეტრის სიმაღლის მწვერვალზე ავიდა.
მომდევნო ორი წლის განმავლობაში, მან ყველა "რვაათასიანი" მწვერვალი დაიპყრო, მათ შორის, ევერესტიც, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მაღალი მწვერვალია და მისი სიმაღლე 8 848,86 მეტრს შეადგენს.