21 დეკემბერი 2024,   16:26
ვრცლად
"ჩვენთვის ქარტიაზე ხელმოწერა იყო ერთგვარი პოლიტიკური კომპრომისი ტექნიკური მთავრობის ნაწილში განსაკუთრებით, რადგან ჩვენთვის ეს არის გზა, არ ჩამოყალიბდეს მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის" მთავრობა" - ნათია მეზვრიშვილი

პრეზიდენტი არ ამბობს, როდის დაასახელებს ტექნიკური მთავრობის შემადგენლობას და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს - სალომე ზურაბიშვილმა დღეს მედიის კითხვებს არ უპასუხა, თუმცა, მისი გადაწყვეტილება უკვე რამდენიმე დღეა ცნობილია. პრეზიდენტი აპირებს გარდამავალი მთავრობის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი არჩევნებამდე დაასახელოს.

ოპოზიციური პარტიების უმრავლესობას კი მიაჩნია, რომ უმჯობესი იქნება ე.წ. ტექნიკურ მთავრობაზე არჩევნების შემდეგ ილაპარაკონ. ამის მიუხედავად, პოლიტიკურ ჯგუფებში ამბობენ, რომ ქარტიის ერთგული რჩებიან.

პრეზიდენტის ინიციატივასთან დაკავშირებით "ერთიანობა - "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია მოუმზადებელი ნაბიჯები არ გადაიდგას და მოქალაქეები არჩევნებზე მივიდნენ.

"ახლა ძალიან ცოტაა დრო არჩევნებამდე. მაქსიმალური მობილიზაცია სჯობს გავაკეთოთ ხალხის მობილიზებასა და არჩევნებში მოყვანაზე. შემდგომ ძალიან მარტივად შევთანხმდებით იმ კოალიციურ მმართველობაზე. არ არის საჩქარო ახლა სწრაფი და მოუმზადებელი ნაბიჯების გადადგმა," - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

"გახარია საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ნათია მეზვრიშვილი კი განმარტავს იმ მიზეზებს, რის გამოც დაუშვეს მათ ტექნიკურ მთავრობაზე კომპრომისი.

"ჩვენთვის ამ ქარტიაზე ხელმოწერა იყო ერთგვარი პოლიტიკური კომპრომისი. დავუშვით ეს კომპრომისი ტექნიკური მთავრობის ნაწილში განსაკუთრებით, რადგან ჩვენთვის ეს არის გზა, რომ არ ჩამოყალიბდეს მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის" მთავრობა, ეს არის ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი საკითხი და წითელი ხაზი. ეს იცის ძალიან კარგად პრეზიდენტმა და მე არ ვფიქრობ, რომ მას დამატებით "დაფიცება" უნდა სჭირდებოდეს ამ საკითხზე. თუ პრეზიდენტი ჩათვლის, რომ არჩევნებამდე უნდა დასახელდეს და ეს ამ პროცესს ხელს არ შეუშლის, არჩევნებამდე დასახელდეს, კარგი," - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

რაც შეეხება "ერთიანი საქართველოს" პოზიციას, ბადრი ჯაფარიძის თქმით, "ქართველმა ხალხმა შესაბამისი მანდატით უნდა აღჭურვოს პოლიტიკური აქტორები."

"26 ოქტომბრის არჩევნების შემდგომ ვისაუბრებთ ამ თემაზე. ჩვენი პოზიცია არის ის, რომ ქართველი ხალხი გადაწყვეტს, ვინ უნდა იყოს შემდგომ მთავრობაში. ქართველმა ხალხმა შესაბამისი მანდატით უნდა აღჭურვოს პოლიტიკური აქტორები," - აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.

დღის ამბები