გერმანიის ელჩის, პიტერ ფიშერის განცხადებას, შეფასებები მოჰყვა მმართველ გუნდში, სადაც ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობაზე საუბრობენ.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ მსგავსი განცხადებები დიპლომატიურ სტანდარტში არ ჯდება. მისი თქმით, ქართველი ხალხი თავისუფალი ერია და მსგავს განცხადებებს ვერ შეეგუება.
“ეს არც დიპლომატიურ სტანდარტში ჯდება და არც ერთი ქვეყნის ელჩი არ უნდა აძლევდეს საკუთარ თავს იმის უფლებას, რომ მსგავსი ტონით ისაუბროს ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ. თუ ამ ადამიანებს ჰგონიათ, რომ ისინი აქ ბატონები არიან ძალიან ცდებიან. ჩვენ, ამაყი და თავისუფალი ერი ვართ და მსგავს განცხადებებს არასდროს შევეგუებით. ჩვენ ვხედავთ, რომ გარე აქტორებს აქვთ მცდელობა პირდაპირ ჩაერიონ საარჩევნო პროცესებში და ამით გავლენა მოახდინონ საარჩევნო შედეგებზე. რეალურად, ეს ყველაფერი, მათი მცდელობები და ქმედებები, მათთვისვე იქნება კონტრპროდუქტიული. ერთადერთი შედეგი რაც დადგება, “ქართულ ოცნებას“ დაეხმარებიან, რომ უფრო მტკიცე და მაღალი ლეგიტიმაციით მოვიპოვოთ 26 ოქტომბერს საკონსტიტუციო უმრავლესობა, რაც ჩვენი ქვეყნის, ხალხისთვის და სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
ცნობისთვის: “დღეს ვიღაცამ ავტოგოლი გაიტანა“, - ამ შინაარსის სტატუსი პიტერ ფიშერმა სოციალურ ქსელი დაწერა. სავარაუდოდ, ელჩი, კახა კალაძეს გამოეხმაურა, რომელმაც მანამდე გერმანიის ევროპულ საქმეთა მინისტრი გააკრიტიკა. ანა ლიურმანმა ლუქსემბურგში განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება ქვეყანას ევროკავშირის გზაზე აფერხებს, პასუხად “ოცნების“ გენერალურმა მდივანმა მას “კუბილიუსი კაბაში“ უწოდა და თქვა, რომ მის განცხადებებს ჩალის ფასი აქვს.