17 ოქტომბერი 2024,   11:28
ვრცლად
"ყველაფერს იზამენ, რომ დაზაფრონ, მოატყუონ ქართველი ხალხი და ნდობა, რომელიც მას აქვს "ქართული ოცნების" მიმართ, შეირყეს - ეს არც წინა 8 არჩევნების განმავლობაში გამოსვლიათ და არც ახლა გამოუვათ" - არჩილ გორდულაძე

ვის აქვს წვდომა თანამედროვე ტექნოლოგიებთან და ვინ შეიძლება გაავრცელოს, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, ფალსიფიცირებული აუდიო-ვიდეო მასალა? სუს-ის პრევენციულ განცხადებაზე, უკვე მეორე დღეა, თბილისში შეფასებები კეთდება. ოპოზიციის მტკიცებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მსგავსი ქმედება კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ უწყება მმართველი გუნდის მიერ კონტროლდება, "ქართული ოცნება" კი სუს-ის განცხადებას დასტურად მიიჩნევს, რომ ოპოზიცია არა 26 ოქტომბრისთვის, არამედ არჩევნების შემდეგ არეულობისთვის ემზადება.

"ტყუილი და მხოლოდ ტყუილია კოლექტიური "ნაცმოძრაობის" ხელწერა. წარსულშიც, არაერთი არჩევნების წინ, ყოველთვის ტყუილებით იყვნენ გამორჩეულები და, რა თქმა უნდა, ამასვე გააკეთებენ მომავალშიც - ყველაფერს იზამენ, რომ როგორმე დაზაფრონ, მოატყუონ ქართველი ხალხი და ნდობა, რომელიც მას აქვს "ქართული ოცნების" მიმართ, შეირყეს. ეს აქამდე, რვა არჩევნებია, არ გამოსვლიათ, რვა არჩევნების განმავლობაში, ქართველმა ხალხმა უარი უთხრა ამ აგენტურას და შესაბამისად, ისინი მეცხრედ გასამართლდებიან პოლიტიკურად", - აცხადებს არჩილ გორდულაძე.

სუს-ის მიერ გუშინ გავრცელებული განცხადების თანახმად, იგეგმება ხელოვნური ინტელექტისა და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით დამონტაჟებული, ფალსიფიცირებული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების გავრცელება, სადაც გამოყენებული იქნება ხელისუფლების წარმომადგენელთა ხმები და ვიდეო გამოსახულება.

დღის ამბები