23 ოქტომბერი 2024,   17:34
ვრცლად
“ეს არის ფიზიკური და სულიერი გადარჩენის არჩევნები... შემაჯამებელ ღონისძიებაზე ველოდებით ასობით ათას ჩვენს თანამოქალაქეს“ - ლევან მაჭავარიანი

“ქართული ოცნების“ დასკვნითი შეკრება თბილისში - მმართველი პარტია არჩევნებამდე სამი დღით ადრე, მომხრეებს თავისუფლების მოედანზე ელოდება. საღამოს შვიდ საათზე შეკრებილებს სიტყვით მიმართავენ ბიძინა ივანიშვილი და პარტიის სხვა ლიდერები.

“ქართულ ოცნებაში“ ელოდებიან, რომ ღონისძიება მასშტაბური იქნება - დედაქალაქში მცხოვრებლების გარდა, ადგილზე იქნებიან რეგიონებიდან ჩამოსული მოქალაქეებიც. პარტიულ ღონისძიებასთან დაკავშირებით, მოძრაობა დილიდან გადაკეტილია რუსთაველის გამზირზე, სადაც უკვე დასრულებულია საორგანიზაციო სამუშაოები:

რა გზავნილები გაჟღერდება დღევანდელ შეკრებაზე - ამის შესახებ “რუსთავი 2-თან“ პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა ისაუბრა:

“ეს არის შემაჯამებელი ღონისძიება, სადაც ველოდებით ასობით ათას ჩვენს თანამოქალაქეს. ველოდებით იმ პატრიოტ ქართველებს, რომლისთვისაც ქვეყანა არის სამშობლო და მათ აქვთ ამ ქვეყანაში მშობლიურობისა და ეროვნულობის განცდა. მათთვის მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა. ჩვენი თანამოქალაქეები იაზრებენ იმას, რომ ის მშვიდობა, რაც შენარჩუნებულია ჩვენს ქვეყანაში ამდენი წნეხისა და ზეწოლის მიუხედავად, თუნდაც ქვეყნის გარედან და შიგნიდან, ეს ყველაფერი “ქართული ოცნების“ დამსახურებაა. მათ იციან, რომ “ქართული ოცნება“ არის ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის გარანტი. შემოგვიერთდებიან მოქალაქეები, ვისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ქვეყანაში დაცული იყოს ტრადიციები, კულტურა, იდენტობა. უარს ვამბობთ ყოველგვარ გარყვნილებასა და ლგბტ პროპაგანდაზე, ჩვენთან ყოველთვის კაცი კაცი იქნება და ქალი ქალი. არ დავუშვებთ ისეთი ტიპის აგიტაციებს, რაც სამწუხაროდ, ძალიან ბევრ განვითარებულ დასავლურ ქვეყანაში ხდება.

უამრავი ქვეყანაა, სადაც სკოლებში და ბაღებში ბავშვებს პირდაპირ უტარებენ აგიტაციას იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ისინი სქესით არ არიან დაბადებულები და რომ გაიზრდებიან შემდეგ აირჩევენ თავიანთ სქესს. ჩვენ შემოგვიერთდება ასობით ათასი თანამოქალაქე იმისათვის, რომ გარე ძალებს დაანახონ, მიუხედავად მათი უპრეცედენტო ჩარევისა ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში, მითუმეტეს, წინასაარჩევნო პერიოდში რადიკალური ოპოზიციის სასარგებლოდ, არანაირი შანსი არ გააჩნია რადიკალურ ოპოზიციას რომ ხელისუფლებაში მობრუნდნენ. ყველა უნდა შეეგუოს იმას, რომ საქართველოს შესახებ გადაწყვეტილებები მხოლოდ საქართველოში მიიღება.

სურვილი ძალიან დიდია, ჩვენ გვიკავშირდება უამრავი არა ჩვენი პარტიის წევრიც, რეგიონებიდან და თბილისიდან, უამრავ კითხვას გვისვამენ რომელი გზით მოვიდეთო და ა.შ. ყველა ხვდება რომ ეს სხვა ტიპის არჩევნებია, თავისი მნიშვნელობით ეს არჩევნები არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე 2012 წლის არჩევნები. ეს არის ფიზიკური და სულიერი გადარჩენის არჩევნები. მე მინდა მოვუწოდო იმ საზოგადოებასაც ვინც ჩვენ მხარს არ გვიჭერს - მოდით დაფიქრდით კარგად და იქნებ თქვენც შემოგვიერთდეთ, 2012 წლიდან გატყუებენ რადიკალური ოპოზიციური ძალები, რომ თითქოს “ქართული ოცნება“ საქართველოს რუსეთისკენ მიათრევს“ - ამის ერთი მაგალითი თუ შეგიძლიათ გაიხსენოთ, თქვენ გატყუებენ და სიცრუეში გამყოფებენ,“- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი.

დღის ამბები