23 ოქტომბერი 2024,   19:25
ვრცლად
“ასეთი ტიპის ბრალდებები, მტკიცებულებების გარეშე, რა თქმა უნდა, არასერიოზულია“ - ლევან მაჭავარიანი მესამე სექტორს მხრიდან ცესკოში წარდგენილი საჩივრების შესახებ

“ქართული ოცნება“ მესამე სექტორს ცესკოში წარდგენილი საჩივრების გამო აკრიტიკებს. სახელისუფლებო პარტიაში აცხადებენ, რომ საარჩევნო ადმინისტრაციას ძირითადად უშინაარსო პრეტენზიებით მიმართავენ, მიზანი კი საინფორმაციო ხმაურის შექმნაა.

პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, არასამთავრობო სექტორის მიერ წამოყენებული ბრალდებები მტკიცებულებების გარეშეა წარმოდგენილი, რაც არასერიოზულია.

“ისინი არიან მხარე და მათი მხრიდან ასეთი ტიპის ბრალდებები, მტკიცებულებების გარეშე, რა თქმა უნდა, არასერიოზულია.

საზოგადოებას შევახსენებ, როდესაც ეუთო/ოდირმა, ერთი კვირის წინ, გამოაქვეყნა შუალედური დასკვნა, მასში მსგავსი ტიპის პრეტენზია და პრობლემა არ ყოფილა ასახული.

ერთადერთი, რაც ეუთო/ოდირის დასკვნაში იყო იდენტიფიცირებული, როგორც რეალური პრობლემა, არის პოლარიზაცია. სამწუხაროდ, პოლარიზაცია ნამდვილად არსებობს საქართველოში, უბრალოდ ამ პოლარიზაციის გაღრმავებას ისევ რადიკალური ოპოზიცია, NGO-ები და ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი უწყობს ხელს“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

დღის ამბები