23 ოქტომბერი 2024,   19:20
ვრცლად
“ტრადიციულად, ცესკოში რა საჩივრებიც იწერება, ის ყოველთვის გადაჭარბებულია“ - იაგო ხვიჩია

“ქართული ოცნება“ მესამე სექტორს ცესკოში წარდგენილი საჩივრების გამო აკრიტიკებს.

სახელისუფლებო პარტიაში აცხადებენ, რომ საარჩევნო ადმინისტრაციას ძირითადად უშინაარსო პრეტენზიებით მიმართავენ, მიზანი კი საინფორმაციო ხმაურის შექმნაა.

ოპოზიციის ნაწილი მმართველ გუნდს არ ეთანხმება, ნაწილი კი ამბობს, რომ გამოცდილი პრაქტიკაა მსგავსი საჩივრების წარდგენა, რომლის მიზანიც საბოლოო რაოდენობაზე და არა შინაარსზე აქცენტირებაა.

პარტიის “გახარია საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრის, ანა ბუჩუკურის განცხადებით, მათ მიერ წარდგენილ დადასტურებულ საჩივრებს პროკურატურა არ იძიებს.

“დარღვევები, რაც ვიცი, არის ჩვენი გუნდის, ლიდერის, წევრებისა და მხარდამჭერების მისამართით. დადასტურებული დაშინება, მუქარა, ზეწოლები, რომელიც წარდგენილი გვაქვს პროკურატურაში, თითოეული მათგანი თაროზეა შემოდებული“, - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

პლატფორმის “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო კამპანიის სპიკერი, ლევან სანიკიძე შალვა პაპუაშვილის განცხადებას აბსურდულს უწოდებს.

“ვართ მოტივირებულნი, რომ დავიცვათ ამომრჩევლების ხმები, დარჩენილ სამ დღეში კიდევ უფრო მეტი ადამიანი დავარწმუნოთ, რომ საქართველოში აუცილებლად იქნება ცვლილება. ჩვენ სხვა საკითხზე კომენტარის გაკეთებისგან თავს შევიკავებდით, მათ შორის, ამ აბსურდულ ბრალდებაზე, რაც დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა. მოტივირებულები ვართ, რომ ამ ქვეყანაში მშვიდობიანად შეიცვალოს ხელისუფლება“, - განაცხადა ლევან სანიკიძემ.

პარტია “გირჩის“ თავმჯდომარის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, პოლიტიკური პარტიები ხშირად საჩივრებს სტატისტიკის ზრდის გამო წერენ და მის შინაარსზე არ კონცენტრირდებიან.

“ტრადიციულად, ცესკოში რა საჩივრებიც იწერება, ის ყოველთვის გადაჭარბებულია. პოლიტიკური პარტიები ხშირად წერენ საჩივრებს, რათა შემდეგ თქვან, რომ ჩვენ დავწერეთ 1300 საჩივარიო და ა.შ.

ჩვენ არ ვიყენებთ ასეთ მეთოდებს. როდესაც საჩივარს ვწერთ იქ გვაქვს განმარტება და მტკიცებულება, შესაბამისად, როგორც წესი, ჩვენი საჩივარი ამიტომ კმაყოფილდება კიდეც.

წინასაარჩევნო გარემოს თვალსაზრისით, “ქართულ ოცნებას“ საამაყო არაფერი აქვს“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

დღის ამბები