26 ოქტომბერი 2024,   15:36
ვრცლად
"გვესმის, რომ მაღალი აქტივობა აღიზიანებს რადიკალურ ოპოზიციას, ასევე მათ მედიასაშუალებებს, თუმცა ამომრჩევლისთვის და ამომრჩეველთა მობილიზაციისთვის ხელის შეშლა არის არჩევნების საწინააღმდეგო მოვლენა" - ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საარჩევნო პროცესში ამომრჩევლებისთვის და ამომრჩევლების მობილიზების პროცესში ხელის შეშლის ფაქტები დაფიქსირდა.

კობახიძის თქმით, ოპოზიციას ამომრჩევლების მაღალი აქტივობა აღიზიანებს, თუმცა მათთვის ხელის შეშლა არჩევნების საწინააღმდეგო ქმედებაა.

"მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები წარიმართება მშვიდ გარემოში. იმედი გვაქვს, რომ ასევე გაგრძელდება საარჩევნო პროცესები მთელი დღის გამავლობაში. სამწუხაროდ, დაფიქსირდა ამომრჩევლის მობილიზაციისთვის ხელის შეშლის კონკრეტული ფაქტები, ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ჟურნალისტების მხრიდან ხორციელდება ხშირად ასეთი რამ. ასევე იყო ამომრჩეველზე ზეწოლის ფაქტები, მათ შრის, ამომრჩეველს არ აძლევდნენ საშუალებას პირად ავტომობილში ყოფილიყო მშვიდად და განეხორციელებინა ის საქმიანობა, რისი განხორციელების უფლება აქვს კანონმდებლობის შესაბამისად. გვესმის, რომ მაღალი აქტიურობა აღიზიანებს რადიკალურ ოპოზიციას, მათ მედია საშუალებებს, თუმცა ამომრჩევლისთვის და ამომრჩეველთა მობილიზაციისთვის ხელის შეშლა არის არჩევნების საწინააღმდეგო მოვლენა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღეს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები იმართება. წელს ქვეყანაში პირველად ტარდება საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით. ამომრჩევლებს, საერთო ჯამში, 3 111 საარჩევნო უბანი ემსახურება.

დღის ამბები