26 ოქტომბერი 2024,   15:30
ვრცლად
“უკიდურესად მნიშვნელოვანია მშვიდობა და უკიდურესად მნიშვნელოვანია კეთილდღეობა, რომელიც ჩვენ აუცილებლად გვექნება“ - მამუკა მდინარაძე

უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა. მან ხმა საბურთალოს ოლქში მისცა. უმრავლესობის ლიდერმა ხმის მიცემის შემდეგ, მედიასთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მშვიდობა და კეთილდღეობა არის ის, რაც ყველაზე მეტად არის მნიშვნელოვანი.

“შევუერთდები ძალიან სასიამოვნო “ჩელენჯს“, რომელიც ახალგაზრდებს წამოუწყიათ და სანამ აქ მოვიდოდი, “ტიკ ტოკსა“ და “ფეისბუკზე“ შემხვდა. ვიტყვი, რომ მე ხმა მივეცი ჩემს და ჩვენს სამშობლოს, მე ხმა მივეცი ღირსებას და შესაბამისად, გავაფერადე წრე, 41-ის წინ. ძალიან სასიამოვნოა, როცა ასე ამბობენ ახალგაზრდები და როგორც აღმოჩნდა, იმ ჩვენი სლოგანიდან მშვიდობა, ღირსება, კეთილდღეობა და მხოლოდ ამ გზით ევროპისკენ, ღირსებით ევროპისკენ აღმოჩნდა საბოლოო ჯამში მთავარი სლოგანი.

რა თქმა უნდა, ასევე უკიდურესად მნიშვნელოვანია მშვიდობა და უკიდურესად მნიშვნელოვანია კეთილდღეობა, რომელიც ჩვენ აუცილებლად გვექნება. არა მხოლოდ ჩვენ, “ქართული ოცნება“, თუ ქართველი ხალხი, ამას ლაპარაკობს სავალუტო ფონდი, ამას ლაპარაკობს მსოფლიო ბანკი და ჩვენ მომდევნო წლებში, ამ დინამიკით თუ გავაგრძელებთ განვითარებას, საქართველოს მოქალაქე, როგორც ამ ყველა პროგნოზიდან გამომდინარეობს, საშუალო სტატისტიკური ევროპელის ცხოვრების დონესაც კი გაუთანაბრდება.“ - აცხადებს მამუკა მდინარაძე.

დღეს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები იმართება. წელს ქვეყანაში პირველად ტარდება საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით. ამომრჩევლებს, საერთო ჯამში, 3 111 საარჩევნო უბანი ემსახურება.

დღის ამბები