26 ოქტომბერი 2024,   15:35
ვრცლად
ოზურგეთში დააფიქსირეს შემთხვევა, სადაც თურმე კომისიის წევრმა ამომრჩეველი გადაკოცნა. ამ დონეზე წერენ საჩივრებს, ასეთი მდაბიო, ფეიკკამპანიით ცდილობენ ფონის შექმნას იმის შესახებ, თითქოს რაღაც სერიოზული ხდება - მამუკა მდინარაძე

უნდა გავითავისოთ ყველამ, რომ ეს არის რეფერენდუმი ქართულ ეროვნულ ტრადიციულ ღირებულებებსა და ამორალურობას შორის, - განაცხადა “ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ.

მან, მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა. ამასთან, მდინარაძემ “ქართული ოცნების“ მხარდაჭერებს მოუწოდა, არ წამოეგონ ოპოზიციის პროვოკაციებზე, რომ არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიაროს.

“ოზურგეთში დააფიქსირეს შემთხვევა, სადაც თურმე კომისიის წევრმა ამომრჩეველი გადაკოცნა. ამ დონეზე წერენ საჩივრებს, რომ ბევრი იყოს. ასეთი მდაბიო, ფეიკკამპანიით ცდილობენ ფონის შექმნას იმის შესახებ, თითქოს რაღაც სერიოზული ხდება. სადაც ნაცმოძრაობის მედიასაშუალებები არ არის, იქ ყველაფერი ნორმალურად მიდის, სადაც ისინი გამოჩნდებიან, იქ აპოკალიფსური სურათი იხატება, მაგრამ ქართველი ამომრჩეველი ამაში არ გაეხვევა.

ყველას ვთხოვ, არანაირი ვიღაცის გადაცდომა არ არის საფუძველი იმის, რომ პროვოკაციაზე წამოვეგოთ. უნდა ვეცადოთ, რომ სიტუაცია მაქსიმალურად დავაწყნაროთ. ჩვენი ამომრჩევლის ხუთმა და ათმა პროცენტმა რომ იფიქროს, რომ მოდი სახლში დავრჩები, ამით შეიძლება აბსოლუტურად განსხვავებული სურათი მივიღოთ, რადგან აქ ასი ათასობით ადამიანზეა საუბარი სხვა პარტიების მხარდაჭერებისგან განსხვავებით“, - აღნიშნა მდინარაძემ.

დღეს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები იმართება. წელს ქვეყანაში პირველად ტარდება საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით. ამომრჩევლებს, საერთო ჯამში, 3 111 საარჩევნო უბანი ემსახურება.

დღის ამბები