27 ოქტომბერი 2024,   03:03
ვრცლად
ბრძოლა არ დასრულებულა, როგორც ჩანს გაგრძელდა ვადაში, საზოგადოებას კონკრეტული გზავნილი და ნაბიჯები უნდა შევთავაზოთ - ნიკა მელია

"დაელოდეთ, უახლოეს პერიოდში არა მხოლოდ გადაწყვეტილება და განცხადება, არამედ კონკრეტული ნაბიჯები იქნება," - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ, ოპოზიციის ლიდერების დახურული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ნიკა მელიას თქმით, ბრძოლა გაგრძელდება.

"რამდენიმე საათია გასული, თუმცა არც გვჭირდება ამ საკითხთან დაკავშირებით აზრის კითხვა ნებისმიერი ავტორიტეტული ადამიანისთვის, იმდენად ნათელია, თუ რასთან გვაქვს საქმე.

გადაწყვეტილება, მე ვფიქრობ, ამ ქვეყანაში ყველამ უნდა მივიღოთ, რაც შეიძლება ერთობლივი ფორმატით, ვინაიდან ეს პროცესი არ ეხება მხოლოდ პოლიტიკოსს, ეს პროცესი ეხება ყველას, ჟურნალისტსაც, ექიმსაც, უმუშევარსაც, საბავშვო ბაღის თანამშრომელსაც. საგარეო პოლიტიკის კურსის ცვლილება, პოლიტიკური ვექტორის ასეთმა უხეში ფორმით ცვლილებამ გამოიწვია საყოველთაო წყრომა საზოგადოებაში, რომელიც აისახებოდა სხვადასხვა ფორმით ამ უკანასკნელი თვეების განმავლობაში. მივიღეთ სურათი 2024 წლის 26 ოქტომბერს აბსოლუტურად გაუგებარი, აბსოლუტურად ამოუხსნელი გზებით ივანიშვილი გვეუბნება, რომ მას რამდენიმე ასეული ათასი მხარდამჭერი დაემატა - ამ ტყუილს არავინ არ იყიდის. უბრალოდ საზოგადოებას ძალიან კონკრეტული გზავნილი, გადაწყვეტილება და კონკრეტული ნაბიჯები უნდა შევთავაზოთ, იმიტომ, რომ ამ სავალ გზაზე ხალხთან ერთად უნდა ვიაროთ. ბრძოლა ბუნებრივია არ დასრულებულა, სამწუხაროდ, როგორც ჩანს გაგრძელდა ვადაში. 90%-იანი ოლქები დემოკრატიულ სახელმწიფოში არ იწერება, შეუძლებელია. დაელოდეთ, უახლოეს პერიოდში არამხოლოდ გადაწყვეტილება და განცხადება, არამედ კონკრეტული ნაბიჯები იქნება", - განაცხადა ნიკა მელიამ.

დღის ამბები