27 ოქტომბერი 2024,   03:08
ვრცლად
"აბსოლუტურ სისულელეზეა ლაპარაკი, ელექტრონულ არჩევნებში თურმე ათეულობით პროცენტი გაყალბებულა, რეალურად საქმე გვაქვს პოლიტიკურ პანაშვიდთან "ნაცმოძრაობის" შესრულებით" - მამუკა მდინარაძე

"პოლიტიკური პარტიები და ენჯეო-სექტორის წარმომადგენლები უკვე მესამედ წავიდნენ კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ",  - ამის შესახებ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, "საქმე გვაქვს პოლიტიკურ პანაშვიდთან "ნაცმოძრაობის" შესრულებით".

"27-ში მათ დააანონსეს ის, რაც დააანონსეს. ისინი - პოლიტიკური პარტიები და ენჯეო-სექტორის წარმომადგენლები, უკვე მესამედ წავიდნენ კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ და მათ უნდა იცოდნენ, რომ ისინი მიდიან საქართველოში, საკუთარ სამშობლოში, კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ, ენჯეო-სექტორი პოლიტიკურ პარტიებთან ერთად.

ასევე, მინდა გამოვეხმაურო იმ განცხადებას, რომლითაც პოლიტიკური პარტიები ამბობენ, რომ ჩვენ გვქონდა კომპლექსური სქემა. მე მინდა ვაღიარო, რომ დიახ - ჩვენ გვაქვს კომპლექსური სქემა და მას ჰქვია საკუთარი სამშობლოს სიყვარული, საკუთარი სამშობლოს და ხალხის მსახურება და დემოკრატია. ამ სქემის მიხედვით იგებს ეროვნული ხელისუფლება საკუთარი სამშობლოს მოყვარულ ხალხთან ერთად თავის ქვეყანაში არჩევნებს.

შესაბამისად ამისა, როდესაც პირველ და მეორე ადგილზე გასულ პარტიებს შორის, სიმბოლურია, ამ ეტაპზე ასე ჩანს, 41%-იანი განსხვავებაა, იქ კომპლექსურ სქემაზე მხოლოდ უდიდეს უპირატესობაზე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, საკუთარი სამშობლოს მსახურებაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი.

რა ნიშანდობლივია და როგორ არ ჰყოფნით ჭკუა, ქრონოლოგია როგორ დაალაგეს - ჯერ გამოვიდა "ნაციონალური მოძრაობა", ჩაატარა ბრიფინგი, მას მიყვა მეორე "ნაციონალური მოძრაობა" - ჩაატარა ბრიფინგი და შემდეგ მას მიყვა ვითომ ე.წ. ენჯეო სექტორის წარმომადგენელი. "ნაცმოძრაობამ" გასცა მითითება და დამთავრდა თუ არა მათი ბრიფინგი, წამების ინტერვალით დაიწყო მეორე "ნაცმოძრაობის" ბრიფინგი, შემდეგ დაიწყო მესამე "ნაცმოძრაობის" ბრიფინგი ე.წ. ენჯეო-სექტორი. პირველი გამწევი პიონერი იყო "ნაცმოძრაობა". ისიც კი ვერ დაალაგეს, ამ აგონიაში მყოფებს ისიც კი არ შეუძლიათ დაალაგონ, რომ ვითომ დარღვევებზე რომ ლაპარაკობენ სისულელეებს, ჯერ ენჯეო-სექტორის წარმომადგენლები გამოვიდნენ და მერე პარტიებმა მაინც თქვან, რომ ენჯეო ამბობს რაღაც არ იყო ისეო. აბსოლუტურ სისულელეზეა ლაპარაკი, ელექტრონულ არჩევნებში თურმე ათეულობით პროცენტი გაყალბებულა. არაბუნებრივი ამბები ხდება მეგობრებო, რეალურად საქმე გვაქვს პოლიტიკურ პანაშვიდთან "ნაცმოძრაობის" შესრულებით", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

"ქართული ოცნების" ლიდერმა ასევე ქართველ მებრძოლს, ილია თოფურიას, UFC 308-ზე გამარჯვებაც მიულოცა.

"ასევე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ილია თოფურიას მივულოცო სულით და გულით ის დიდი გამარჯვება და ვულოცავ მთელ საქართველოს ქართველის გამარჯვებას. ისე ნამეტანი იყო ორი ნოკაუტი ერთ დღეში. ვულოცავ კიდევ ერთხელ ჩემს ქვეყანას ამ შთამბეჭდავ გამარჯვებებს უკვე, რა მაგარია, რომ ერთ დღეში ორჯერ ვამბობთ გამარჯვებებს - გაიმარჯვა საქართველომ და "ქართულმა ოცნებამ" და გაიმარჯვა ჩვენმა თანამოქალაქემ, ძალიან მაგარმა მებრძოლმა ილია თოფურიამ. დიდ წარმატებას ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას და ახლა ამ შემთხვევაში ილია თოფურიასაც", - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები