27 ოქტომბერი 2024,   03:28
ვრცლად
"აგენტურულ ოპოზიციაში ერთადერთია გახარია, რომელმაც თავისი პატრონების დავალება შეასრულა... გადაელახა ბარიერი და "ქართული ოცნებისთვის" წაერთმია ხმები" - მამუკა მდინარაძე

"წარმოიდგინეთ 41%-ით ვასწრებთ მეორე ადგილზე გასულ პარტიას და დგანან და სერიოზული სახეებით საუბრობენ გაყალბებაზე," - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

ამასთან, მამუკა მდინარაძის შეფასებით, გიორგი გახარიას პარტია არის ერთადერთი, რომელმაც "თავისი პატრონების დავალება შეასრულა."

"ნუ აღიარებენ. რა უნდა ქნან, იძახდნენ და თავიანთ ამომრჩეველს ატყუებდნენ, რომ "ქართულ ოცნებას" ჰქონდა 30% მაქსიმუმ. რა უნდა აღიარონ, ვერ აღიარებენ, საცოდავ დღეში არიან. სხვათა შორის, მაგ აგენტურულ ოპოზიციაში ერთადერთია გახარია, რომელმაც თავისი პატრონების დავალება შეასრულა. დანარჩენებს რაც ჰქონდათ დავალებული, ვერცერთმა ვერ შეასრულა. ვერცერთი ვერ მისწვდა იმ პროცენტებს, რომელიც მათ დავალებული ჰქონდათ. ერთადერთი გახარიას უნდა გადაელახა ბარიერი და "ქართული ოცნებისთვის" წაერთმია ხმები.

გახარიას ამომრჩეველი არის ის ამომრჩეველი, რომელიც ამბობს, რომ მხარს უჭერს "ქართულ ოცნებას." ეს უცნაურობა მართლაც არის. ჩვენ ბევრი გვილაპარაკია, ახალი არ არის. ადამიანებს კიდევ სჯერათ, რომ გახარია - ეს არის ბიძინა ივანიშვილისა და "ქართული ოცნების" პროექტი და ამიტომ აძლევენ ხმას. ეს წარმოუდგენელი ამბავია. ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს შემდეგ, ჩვენი მისადმი დამოკიდებულების შემდეგ, იმ ღალატის შემდეგ, რაც ამ კაცმა საკუთარ გუნდსა და ქვეყანას აკადრა, მაინც არსებობენ ადამიანები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ეს არის "ქართული ოცნების" პროექტი.

წარმოიდგინეთ 41%-ით ვასწრებთ მეორე ადგილზე გასულ პარტიას და დგანან და სერიოზული სახეებით საუბრობენ გაყალბებაზე," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. 

დღის ამბები