31 ოქტომბერი 2024,   14:15
ვრცლად
შალვა პაპუაშვილი: ის, რომ გამჭვირვალობის და ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართულ კანონზე ამ ეტაპზე, საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთთანხმობა არ აქვს, ჩვენი საზოგადოებისთვის სიახლე არ არის

“ევროკომისიის შეფასებით 35 თავიდან, გასული 1 წლის მანძილზე, საქართველომ კარგი პროგრესი დააფიქსირა 12 თავზე, ხოლო გარკვეული პროგრესი 13 თავზე“ - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, გარდა ფუნდამენტური მიმართულებისა, საქართველო უკრაინასა და მოლდოვას უსწრებს შიდა ბაზრისა და კონკურენტუნარიანობის ჯგუფების შეფასებაშიც, რაც მისივე თქმით, არის ევროკავშირის, როგორც ორგანიზაციის მთავარი არსი.

“საერთო შეფასებით, საქართველო პროგრესირებს ევროკავშირში წევრობის გზაზე. ჩვენ დადებითად ვაფასებთ ევროკომისიის ანგარიშს. ევროკომისიის შეფასებით 35 თავიდან, გასული 1 წლის მანძილზე, საქართველომ კარგი პროგრესი დააფიქსირა 12 თავზე, ხოლო გარკვეული პროგრესი 13 თავზე. ეს არის იმის ძალიან მკაფიო დასტური, რომ მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების გამო საქართველოს ჰქონდა შეზღუდული დრო საპარლამენტო საქმიანობისთვის და მიუხედავად ოპოზიციის და ენჯეო სექტორის მუდმივი ობსტრუქციისა, საქართველო დგამდა მნიშვნელოვან ნაბიჯებს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე.

ხაზგასასმელია, რომ ანგარიშში 35 თავიდან მხოლოდ 1 თავის შემთხვევაში, რომელიც მართლმსაჯულებას და ფუნდამენტურ უფლებებს შეეხება, ევროკომისიის შეფასებით არის უკუსვლა. ამასთან, ამგვარი შეფასების ძირითად მიზეზად, ანგარიშში ევროკომისია ასახელებს შემდეგ საკითხებს: გენდერული კვოტირების გაუქმება, “გამჭვირვალობის კანონის“ მიღება, ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვნების დაცვის შესახებ კანონის მიღება და ლგბტ პრაიდის ვერ ჩატარება. ამასთან აღსანიშნავია, რომ ამ თავში ჩვენი შეფასება თანაბარია უკრაინას და მოლდოვას შეფასებისა, ხოლო ფუნდამენტურ საკითხთა ჯგუფში, რომელშიც ეს თავი შედის საქართველო უსწრებს მოლდოვასაც და უკრაინასაც.

ის, რომ გამჭვირვალობის და ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართულ კანონზე ამ ეტაპზე საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთთანხმობა არ აქვს, ეს ჩვენი საზოგადოებისთვის სიახლე არ არის. ეს კანონები არჩევნებზეც ერთ-ერთი ცენტრალური საკითხი იყო, რაზეც ჩვენმა საზოგადოებამ თავისი პოზიცია მკაფიოდ დააფიქსირა. ჩვენ გავაგრძელებთ ამ საკითხებზე ევროკავშირთან საუბარს საქართველოს მოქალაქეების ამ პოზიციის გათვალისწინებით.

გარდა ფუნდამენტური მიმართულებისა, საქართველო უკრაინასა და მოლდოვას უსწრებს შიდა ბაზრისა და კონკურენტუნარიანობის ჯგუფების შეფასებაშიც, რაც არის ევროკავშირის, როგორც ორგანიზაციის მთავარი არსი. სწორედ ამ საკითხების ირგვლივ შეიქმნა თავის დროზე ევროკავშირი და სწორედ ამიტომ არის ევროკავშირი ბევრისთვის მიმზიდველი.

ამრიგად, როგორც შეგიძლიათ ამ სქემაზე იხილოთ, საერთო შეფასების გათვალისწინებით, საქართველო კვლავ სოლიდურად უსწრებს მოლდოვას, ხოლო უკრაინას მხოლოდ 3 ჯგუფში.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ უფრო დიდი უპირატესობით ვუსწრებთ ბოსნია და ჰერცეგოვინას, რომელთანაც ასევე დაწყებულია გაწევრიანების მოლაპარაკებები.

სწორედ ეს 35 თავია ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების, ანუ საქართველოს ევროპული გზა. ეს არის დინამიური, საქმიანი, ექსპერტული პროცესი, რომელშიც საქართველოს 2014 წლიდან ერთგულად, გეგმაზომიერად ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევს წინ.

ამავე დროს, ევროკავშირის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან, ვხედავთ ამ პროცესის უკიდურესად პოლიტიზების მცდელობას. ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ ამგვარი წინდაუხედავი მიდგომა ევროინტეგრაციას თანამშრომლობის ინსტრუმენტიდან პოლიტიკურ იარაღად აქცევს, რაც სამწუხაროდ საერთო ჯამში, ევროინტეგრაციის პროცესს და ევროკავშირის რეპუტაციას აზიანებს,“ - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

დღის ამბები