31 ოქტომბერი 2024,   14:17
ვრცლად
“როგორც ევროკავშირი აგრძელებს საქართველოს შეფასებას, ასევე ვაგრძელებთ ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ საკითხებზე მუშაობას. სწორედ ეს არის ევროინტეგრაცია - ის არ შეჩერებულა“ - შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ის ფაქტი, რომ ევროკომისიამ გაფართოების დოკუმენტზე იმუშავა, საქართველოს პროგრესი შეაფასა და რეკომენდაციები გასცა, მეტყველებს იმაზე, რომ ევროინტეგრაცია არ შეჩერებულა.

მისივე თქმით, საქართველო 2028 წლისთვის ასოცირების შეთანხმების 90%-ს შეასრულებს, რითაც არსებითაც მიუახლოვდება ევროკავშირის წევრობას.

“მინდა შევეხო ბოლო პერიოდში ხშირად გამოყენებულ ტერმინებს - ევროინტეგრაციის შეჩერება, გაყინვა თუ სხვა მსგავსი ტერმინები. თავად ის ფაქტი, რომ ევროკომისიამ გაფართოების დოკუმენტზე იმუშავა, საქართველოს პროგრესი შეაფასა და რეკომენდაციები მოგვცა, მეტყველებს იმაზე, რომ ეს ტერმინები უფრო პოლიტიკური განცხადებებია, ვიდრე ინსტიტუციური მდგომარეობა. როგორც ევროკავშირი აგრძელებს საქართველოს შეფასებას, ასევე ვაგრძელებთ ჩვენც ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ საკითხებზე მუშაობას. სწორედ ეს არის ევროინტეგრაცია - ის არც შეჩერებულა და ვერც შეჩერდება. თუკი რამე გვასწავლა ჩვენმა მიღწევებმა ამ პროცესში არის ის, რომ ევროინტეგრაცია გრძელვადიან შედეგზე ორიენტირებული სამუშაოა და არა იმწუთიერი პოლიტიკური კონიუნქტურის აყოლა.

საპარლამენტო არჩევნებში მოსახლეობამ ძალიან გასაგებად გააკეთა არჩევანი ევროინტეგრაციის პროცესზე, ოპოზიციის ისტერიულ პოლიტიკასა და “ქართული ოცნების“ საქმიან, კონსტრუქციულ, ქართველი ხალხის ინტერესების გათვალისწინებით წარმოებულ პოლიტიკას შორის. ჩვენ უკვე შესრულებული გვაქვს ასოცირების შეთანხმების დიდი ნაწილი და 2028 წლისთვის მის 90%-ს შევასრულებთ, რითაც არსებითაც მივუახლოვდებით ევროკავშირის წევრობას. ჩვენ ყურადღებით შევისწავლით გაფართოების დოკუმენტს და დავგეგმავთ სამომავლო ნაბიჯებს ქართველი ფერმერების, მეწარმეების, ჩვენი მოქალაქეების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.

საქართველო, ბოლო წლების განმავლობაში, მჭიდროდ თანამშრომლობდა ევროკომისიასთან თითოეული სფეროს ანალიზის პროცესში და მომავალშიც მზად ვართ, ამავე მიზნით, აქტიურად ვითანამშრომლოთ ევროკავშირის შესაბამის ინსტიტუტებთან,“ - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

დღის ამბები