საფრანგეთის პრეზიდენტის, გერმანიის კანცლერისა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრის მკვეთრ პირობას, ევროინტეგრაციის გაგრძელებასთან დაკავშირებით, ეხმაურებიან პოლიტიკურ სპექტრში. ევროპის სამი ლიდერი აცხადებს, რომ უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა და ოჯახური ღირებულებების კანონები ევროპულ პრინციპებსა და ღირებულებებს ეწინააღმდეგება.
თუმცა "ქართული ოცნება" კვლავ განმარტავს, რომ ეს კანონები ქართულ ღირებულებებს იცავს და გაუგებარია, რატომ არის ევროპული ღირებულება სხვა ქვეყანაში ფულის ფარული ხარჯვა და ე.წ. ლგბტ პროპაგანდა.
კანონები, რომლებზეც ევროკავშირი აპელირებს, ქართული ოპოზიციისთვის უკვე ნაკლებად აქტუალურია. მთავრობის ოპონენტების თქმით, აღნიშნული კანონები ქვეყანას ევროინტეგრაციაში ხელს უშლის.
კოალიცია ”ძლიერი საქართველო” ლანა გალდავა აცხადებს, რომ ყველა კანონპროექტი რაც ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს საქართველოს პარტნიორების თვალთახედვის არეში მოხვდება.
"ნებისმიერი კანონპროექტი, რომელიც ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებს, რომელიც არის ევროკავშირის წევრობისათვის აუცილებელი და, ამავდროულად, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის შესაბამისი, ცხადია, მოხვდება ჩვენი უცხოელი პარტნიორების თვალთახედვის არეში. ჩვენ მუდმივად ვამბობდით, რომ იმ კანონპროექტებით, რომელიც წარდგენილი იყო (რომელსაც ჩვენ მხარი არ დავუჭირეთ და შემდგომ საქართველოს პარლამენტში კანონებად იქცა), გახლდათ ისეთი კანონები, როგორებიც ჩვენ ევროკავშირში არ შეგვიყვანდა", - აღნიშნავს გალდავა.
სამი სახელმწიფოს პირველი პირების განცხადებაში არჩევნების დარღვევების სწრაფი და გამჭვირვალე გამოძიებაც ნახსენებია, თუმცა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყება ორი კანონის გაუქმებაზეა დამოკიდებული.