არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება. მთავრობის ოპონენტები უნდობლობას უცხადებენ ქართულ საგამოძიებო უწყებებს და ამბობენ, რომ სათანადო გამოძიების იმედი არ აქვთ.
პარტია "საქართველოსთვის" წევრის, ანა ბუჩუკურის განცხადებით, მიმდინარე საგამოძიებო პროცესი ყალბია.
"სამწუხაროდ, პროცესი - ე.წ. გამოძიება - არის ყალბი. გავახსენებ საზოგადოებას, როდის დაიწყო ეს გამოძიება - გამოძიება დაიწყო მას შემდეგ, რაც ჩვენი პარტნიორების მხრიდან, მათ შორის, სტრატეგიული პარტნიორების ლიდერების მხრიდან, არჩევნების არ აღიარებული ლეგიტიმაციის პარალელურად, გაკეთდა განცხადება ორ საკითხზე, ერთი, რომ ჩვენი პარტნიორები კვლავ დგანან ქართველი ხალხის გვერდით და მეორე, გაკეთდა მოწოდებები სათანადო გამოძიებაზე", - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.
შეგახსენებთ, მოწმის სახით, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე უკვე გამოიკითხა პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი, ნათია მეზვრიშვილი, სადამკვირვებლო კოალიცია "ჩემი ხმას" წევრი, ლონდა თოლორაია და "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ზურა გირჩი ჯაფარიძე.