ბავშვის ძლიერი იმუნიტეტი მნიშვნელოვანია და ამ ყველაფერზე ზრუნვა მისი დაბადების პირველივე დღეებიდან იწყება.
ბავშვის გაზრდის მეთოდებში დღეს უკვე შეცვლილია მიდგომები, უნდა ვიცოდეთ მნიშვნელოვანი დეტალები. ბავშვი არ უნდა იყოს სახლში გამოკეტილი, არ უნდა ეცვას შემაწუხებლად თბილად და გავითვალისწინოთ, რომ ზომიერება ყველაფერში მნიშვნელოვანია.
"დილა მშვიდობისა საქართველოს" ეთერში, ბავშვის იმუნურ სისტემაზე პედიატრმა თემურ მიქელაძემ ისაუბრა.
"ბავშვის იმუნო-ბიოლოგიური აქტივობის ამაღლებას მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი. მაგალითად, ფიზიკური აქტივობით, ჰაერის აბაზანებით და სწორი კვებით. ბავშვის ჰაერზე გაყვანა და თუნდაც იქ დაძინება ძალიან კარგია, თუმცა აუცილებელია, გავითვალისწინოთ გარემო და დღის მონაკვეთი, ურბანული განვითარების პირობებში, ეს გასათვალისწინებელი ფაქტორებია.
ყურადღებას ვაქცევთ, აუცილებლად, რომ სხვადასხვა მძიმე მეტალით არ იყოს ჰაერი გაჟღენთილი. ურბანული განვითარების პერიოდში, არსებობს წვრილი და შეწოვილი ნაწილაკები, რომელიც მავნეა ბავშვისთვის და, პირიქით, ამ დროს შესაძლოა, იმუნობიოლოგიური აქტივობა დაქვეითდეს.
უნდა გავიყვანოთ დილით და მაქსიმალურად შევეცადოთ, რომ შევარჩიოთ რეკრეაციული სივრცეები. უნდა ვეცადოთ, რომ დაახლოებით 45 წუთი გაატაროს დღისით, შუადღეს და საღამოს. მთავარია არ იყოს ქარი, წვიმა და ა.შ.
აუცილებელია, ეს რეკომენდაციები მშობლებმა სწორად გაითვალისწინონ და მთელი დღის განმავლობაში არ იყოს ბავშვი გარეთ", - აცხადებს თემურ მიქელაძე.
რეკომენდებულია თუ არა 40 დღემდე ბავშვის სასეირნოდ გაყვანა?
"რა თქმა უნდა, რეკომენდებულია. სამშობიაროდან გამოყვანის დროსვე, ბავშვი უკვე გადის სასეირნოდ. მთავარია, ეს ჰაერის აბაზანები სწორად მიიღონ. 40 დღემდე ბავშვის ჰაერზე არგაყვანა და კვებასთან დაკავშირებული სხვადასხვა მითი ნელ-ნელა ირღვევა, რაც ძალიან სასიამოვნოა", - აცხადებს თემურ მიქელაძე.
რა ასაკამდეა ძუძუთი კვება რეკომენდებული?
"მაქსიმალურად უნდა ეცადოს მშობელი, რომ ბავშვს ძუძუთი კვება გაუხანგრძლივოს. ჯანმო-ს რეკომენდაციაა ძუძუთი კვება 2 წლამდე, აქედან 6 თვემდე - ექსკლუზიურად ძუძუთი კვება. ექსკლუზიურად ძუძუთი კვება ნიშნავს, რომ ბავშვმა სხვა მინარევი, მათ შორის წყალიც, არ უნდა მიიღოს", - თემურ მიქელაძე.
წყლის აბაზანა რამდენად კარგია ბავშვის იმუნო-ბიოლოგიური სისტემისთვის და რა უნდა გაითვალისწინოს მშობელმა?
"წყლის აბაზანა ძალიან კარგია. აქაც არსებობს რამდენიმე გასათვალისწინებელი ფაქტორი. წყალი აუცილებლად უნდა იყოს სუფთა, რომ სხვადასხვა ინფექციური დაავადება არ განვითარდეს.
ადრეული ასაკის ბავშვები როდესაც მიჰყავთ აუზზე, აუცილებელია, გაითვალისწინონ ჰიგიენური ნორმები.
ადრეული ასაკის ბავშვებში ჩვენი რეკომენდაციაა, რომ 34-დან 35 გრადუსამდე იყოს წყლის ტემპერატურა, მოზრდილებში კი 18 გრადუსი. მთავარია ჰიგიენური ნორმა, ტემპერატურული რეჟიმი და დრო, ანუ 2 საათი და 5 საათი არ უნდა იყოს ბავშვი წყალში. აქაც ზომიერებაა გასათვალისწინებელი", - აცხადებს თემურ მიქელაძე.
რამდენად თბილად უნდა ეცვას ბავშვს?
"ბავშვს, რომ ფეხი თბილად უნდა ჰქონდეს, ეს, რა თქმა უნდა, მითია. ნებისმიერი ვირუსული ინფექცია, ეს იქნება გაციება თუ რამე სხვა, მისი გამომწვევი მიზეზია კორონავირუსი, არა ახალი კორონავირუსი, არამედ - მანამდე არსებული კორონავირუსი.
თუ ვირუსი არ აქვს ბავშვს, შესაბამისად, ის არ გაცივდება. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბავშვი არც უნდა გადახურდეს და არც უნდა გადაცივდეს. აქაც მნიშვნელოვანია, რომ გარემოტემპერატურასთან ახლოს ეცვას ბავშვს, ისევე, როგორც აცვიათ უფროსებს", - აცხადებს პედიატრი.