არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ოპოზიციას დადასტურებული ფაქტები არ აქვს და ზოგად მასალებზე დაყრდნობით საუბრობენ.
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, კვლავ გრძელდება მოკვლევა ოპოზიციის მხრიდან არჩევნების დარღვევებთან დაკავშირებით.
"არავითარი საფუძველი არ ჰქონიათ, არავითარი მტკიცებულება არ უთქვამთ. "ქართული ოცნების" გუნდი, მხოლოდ მტკიცებულებების საფუძველზე, მხოლოდ ფაქტებზე დაყრდნობით ვაკეთებთ ხოლმე განცხადებას. შიდა მოკვლევას ვაწარმოებთ და შესაბამისი ფაქტების დადასტურების შემდეგ, დამატებით მივმართავთ პროკურატურას. ფაქტია, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც "ქართულ ოცნებას" აბრალებდნენ პირადი მონაცემების გამოყენებას, პასპორტებისა თუ პირადობების ჩამორთმევას, თურმე თვითონ აკეთებდნენ ამ ყველაფერს", - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
შეგახსენებთ, მოწმის სახით, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე უკვე გამოიკითხა - პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი, ნათია მეზვრიშვილი, სადამკვირვებლო კოალიცია "ჩემი ხმას" წევრი, ლონდა თოლორაია და "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ზურა გირჩი ჯაფარიძე.