ოპოზიციის ლიდერები საქართველოში ვიზიტად მყოფ ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაციასთან შეხვედრას მართავენ. როგორც შეხვედრის დაწყებამდე ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა მედიასთან საუბრისას განაცხადეს, შეხვედრაზე ისაუბრებენ იმაზე, რომ 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები დარღვევით ჩატარდა.
"ჩვენი ამოცანაა, რომ ეს შეხვედრები გამოვიყენოთ ინფორმაციის მისაწოდებლად, სამსჯელოდ, თუ რა შეიძლება იყოს შემდგომი ნაბიჯები იმისათვის, რომ საქართველომ არ დაკარგოს ერთხელ და სამუდამოდ ის პერსპექტივა, რომელიც ისტორიული შანსია ამავდროულად და რომელიც ახლა ჩვენს ხელთაა და "ქართული ოცნებაც" ცდილობს გაყალბებული არჩევნებით დაგვაკარგინოს ეს. ჩვენი შეხვედრა იქნება სწორედ ამაზე მიძღვნილი", - აღნიშნავს "ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე.
"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, შესაფასებელია, რამდენად იყო საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი.
"ის, რომ ეს ხალხი ჩამოდის აჩვენებს, რომ მათთვის მნიშვნელოვანია, რა ხდება და რა წყდება აქ ამ ქვეყანაში. მტკიცებულებებით სავსე არის ინტერნეტი, უბრალოდ ჩვენ თავმოყრილად მივცემთ შემაჯამებლად, რაღაც რაპორტივით იქნება, სადაც არის სხვადასხვა ტიპის მტკიცებულებები, დაწყებული სხვადასხვა პარტიებიდან და ორგანიზაციების საჩივრებთან დაკავშირებით სტატისტიკიდან, რამდენი საჩივარი დაიწერა, როგორ მოხდა შემდეგ მათი სწრაფად განხილვა, სასამართლოში რა ხდებოდა, დამთავრებული სტატისტიკური ანალიზებით და ა.შ. ყველაფერი არის თავმოყრილი თავისი წყაროებით", - აცხადებს "კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა" ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე.
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, თინათინ ბოკუჩავა კი აცხადებს, რომ "26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ აქვს საერთაშორისო ლეგიტიმაცია."
"26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ აქვს საერთაშორისო ლეგიტიმაცია, მათ შორის, არც ევროკავშირისგან იმიტომ, რომ საქართველოს საერთაშორისო მეგობრებისთვის სრულიად ნათელია, რომ ამ არჩევნებმა არ ასახა ქართველი ხალხის თავისუფალი ნება.
დარწმუნებული ვარ, რომ ამ მაღალი დონის დელეგაციიდანაც ევროკავშირიდან, არჩევნებს ვერ და არ ექნება საერთაშორისო ლეგიტიმაცია", - აცხადებს "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, თინათინ ბოკუჩავა.