14 ნოემბერი 2024,   12:59
ვრცლად
"არის ბევრი მექანიზმი იმისთვის, რომ პარტია პარლამენტში არ შევიდეს, ყველა ეს საშუალება შესაძლებელი გახდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც პარლამენტი შეიკრიბება" - ანა დოლიძე​

კოალიცია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, თინა ბოკუჩავა სიების ჩახსნასთან დაკავშირებით ოპოზიციის ნაწილის განსხვავებულ პოზიციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მთავარია, 4 ოპოზიციური პარტიიდან არცერთი არ აპირებს პარლამენტში შესვლას.

"არცერთი იმ 4 სუბიექტიდან, რომელმაც მიუხედავად გაყალბებისა, გადალახა 5%-იანი საარჩევნო ბარიერი, არ აპირებს პარლამენტში შესვლას, არ აძლევს საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ლეგიტიმაციას, არ აღიარებს ამ არჩევნებს და, ჩემი აზრით, მთავარი სწორედ ეს არის," - აცხადებს თინა ბოკუჩავა.

კოალიცია "ცვლილებებისთვის" წევრი, ანა გოგოლაძე კი აცხადებს, რომ სიების ჩახსნის შესახებ გადაწყვეტილება სამართლებრივ ნორმებში ჯდება.

"სამართლებრივ ნორმებში ჯდება ეს გადაწყვეტილება - იურისტებმა გააკეთეს ამაზე არაჩვეულებრივი განმარტება. სპეციალური მუხლობრივი დასაბუთებაა გაკეთებული, თუ როგორ შეუძლია ცესკოს შეგვიჩეროს და დაგვიკმაყოფილოს აღნიშნული განცხადებები. არ ვაპირებთ იმ არჩევნების შედეგების აღიარებას, რომელიც არის არალეგიტიმური და ხალხმა არ მიანიჭა მას ლეგიტიმაცია," - აცხადებს ანა გოგოლაძე.

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, ანა დოლიძის თქმით, გარდა სიის ჩახსნისა, არსებობს ბევრი სამართლებრივი მექანიზმი პარლამენტში არ შესასვლელად, რომელიც მხოლოდ მას შემდეგ გააქტიურდება, რაც ახალი პარლამენტი შეიკრიბება.

"კანონმდებლობით, სიის ჩახსნა არ არის მარტო - არის ბევრი მექანიზმი, რომელიც უნდა მიიღოს პარტიამ იმისთვის, რომ პარლამენტში არ შევიდეს. ყველა ეს საშუალება ცოცხლდება და შესაძლებელი გახდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ქოცების პარლამენტი შეიკრიბება. ჩვენ ვამბობთ, რომ შიგნით არ ვიქნებით და ქოცების პარლამენტს მივეხმარებით, რომ ვერ შედგეს - ეს არის ჩვენი ამოცანა," - აცხადებს ანა დოლიძე.

შეგახსენებთ, რომ კოალიციებმა "ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ" და "ცვლილებებისთვის" ტელეკამერების წინ პირობა დადეს, რომ პარლამენტში არ შევლენ და ცესკოსთვის გასაგზავნ განცხადებებს ხელი მოაწერეს. მათი ეს ქმედება პოპულიზმად შეაფასეს პარტიაში "საქართველოსთვის", "ლელოში" კი თქვეს, რომ ეს განცხადება მათ ერთხელ უკვე გააკეთეს. კოალიცია "ცვლილებებისთვის" ლიდერმა, ნიკა გვარამიამ კოლეგა პარტიების პოზიცია მწვავედ გააკრიტიკა და უკანა კარის ღია დატოვებაზე ისაუბრა.

ამავე თემაზე
დღის ამბები