13 ნოემბერი 2024,   17:53
ვრცლად
ყველაფერი იქნება ისე, როგორც ჩვენ ქვეყანას და მის მომავალს ეკადრება - კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის შეფასებით, ქვეყანაში იქნება მშვიდობა და უახლოეს მომავალში მე-11 მოწვევის პარლამენტიც დაიწყებს მუშაობას.

ამის შესახებ მან "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას მიერ გაკეთებული განცხადებების შეფასებისას აღნიშნა.

"გვარამიას რადიკალური გეგმები არ გაიშვას არსად. რეალურად, არაფერი ხდება. ყველაფერი იქნება ისე, როგორც ჩვენ ქვეყანას და მის მომავალს ეკადრება. ქვეყანაში იქნება მშვიდობა, მოხდება ეკონომიკური განვითარება, პარლამენტიც დაიწყებს ძალიან მალე მუშაობას, მთავრობაც დამტკიცდება. ოპოზიციაც შევა პარლამენტში, დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა. ცხოვრება და მუშაობა ჩვეულებრივად გაგრძელდება", - აღნიშნა კახა კალაძემ.

რაც შეეხება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ შეტანილ სარჩელებს, თბილისის მერი აცხადებს, რომ ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდა და ამის აღიარება არ სურს.

"უსუსურია ის განცხადებები, რომელთაც ვისმენთ. მხოლოდ და მხოლოდ სიტყვების ბრახაბრუხია. არანაირი კონკრეტიკა, არგუმენტი არ არსებობს. უბრალოდ, მცდელობა აქვთ, თავიანთი მხარდამჭერები აცხოვრონ ტყუილში. ძალიან კარგად იციან, რომ დამარცხდნენ და ამის დაჯერება არ უნდათ. თავს იმაგრებენ მსგავსი ტიპის განცხადებებით, რომ თურმე არჩევნები გაყალბდა. წარმოუდგენელია - ერთი კონკრეტული ფაქტი, მტკიცებულება არ არსებობს. ვისმენთ სულელურ განცხადებებს, რომლებიც სიცრუითაა გაჯერებული და არანაირი კონკრეტიკა, ფაქტი არ აქვთ", - განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები