13 ნოემბერი 2024,   18:01
ვრცლად
რას გულისხმობდა გერმანიის საელჩო "მშვიდობიან რევოლუციაში" - რას პასუხობს დიპლომატიური უწყება "კურიერს" დამატებით კითხვებზე

გერმანიის საელჩოს მიერ, ბერლინის კედლის დანგრევის დღისადმი მიძღვნილ განცხადებასა და მასში დასმულ გზავნილებთან დაკავშირებით, "კურიერი" დიპლომატიურ უწყებას დაუკავშირდა. 

საელჩოს მიერ გამოყენებულ ფრაზაზე - "რევოლუციები შეიძლება იყოს მშვიდობიანი", "კურიერმა" დიპლომატიურ უწყებას განმარტებისთვის მიმართა:

"მოგმართავთ სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-დან ბერლინის კედლის დაცემის შესახებ ფეისბუქის პოსტთან დაკავშირებით. პოსტში კონკრეტულმა ფრაზამ, "რევოლუციები შეიძლება იყოს მშვიდობიანი", განსხვავებული ინტერპრეტაციები გამოიწვია ქართული ოპოზიციის ლიდერებში. ზოგიერთმა ივარაუდა, რომ ეს გზავნილი შესაძლოა მიმართული იყოს ქართველი ხალხისკენ და, დღევანდელ პოლიტიკურ კონტექსტში, შეიძლება ჩაითვალოს რევოლუციისკენ მოწოდებად. გთხოვთ, განგვიმარტოთ პოსტის მიზანი და მოგვაწოდოთ დამატებითი კომენტარი, არსებული ინტერპრეტაციების შესახებ".

საპასუხოდ, წერილზე საელჩომ "კურიერს" წერილობით უპასუხა: "როგორც მთელ მსოფლიოში ყოველწლიურად ტრადიციულად ვაკეთებთ, წელსაც აღვნიშნეთ 1989 წლის 9 ნოემბრის მშვიდობიანი რევოლუცია გერმანიაში. ეს დღე განსაკუთრებულია ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან იმ დღეს ბერლინის კედელი დაინგრა. ეს იმას ნიშნავდა, რომ გერმანია აღარ იყო დაყოფილი," - წერია გერმანიის საელჩოს მიერ გამოგზავნილ საპასუხო წერილში.

ცნობისთვის, ბერლინის კედლის დანგრევის 35 წლისთავთან დაკავშირებით დიპლომატიურმა უწყებამ დაწერა, რომ მშვიდობიანი რევოლუცია შესაძლებელია. "მშვიდობიანი რევოლუცია შესაძლებელია. ბერლინის კედლის დაცემა ამის მაგალითს წარმოადგენს. ათწლეულების განმავლობაში გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკას ჩაკეტილი ჰყავდა მოქალაქეები ჩაგვრისა და ძალადობის სისტემაში. გდრ-ის მოქალაქეებმა, გამოიჩინეს რა გამბედაობა და სურვილი, თავად განესაზღვრათ საკუთარი ბედი და ეცხოვრათ თავისუფლებაში, მიაღწიეს ბერლინის კედლის დანგრევას. ამით მათ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ადამიანებთან ერთად შექმნეს საფუძველი გერმანიის გაერთიანებისთვის და თავისუფალი, ერთიანი ევროპისთვის. დღესაც შეიძლება იგივე ითქვას: თავისუფლება თავისთავადად არ მოდის, ჩვენ მისთვის უნდა ვიბრძოლოთ - ასე იყო მაშინაც და ასე არის დღესაც, აქაც და მთელს მსოფლიოში", - ეწერა საქართველოში გერმანიის საელჩოს Facebook გვერდზე.

 

 
დღის ამბები