საარჩევნო პროცესში ფარულობის პრინციპის დარღვევასთან დაკავშირებულ კრიტიკას კახა კალაძე არ იზიარებს და აცხადებს, რომ ამომრჩევლის უმრავლესობამ ხმა არ მისცა ოპოზიციას.
"სისულელეა ეს ყველაფერი. უამრავი ფაქტი იქნა მოყვანილი, როგორ ტარდება მოლდოვაში, პოლონეთში. იცით რა არის მთავარი? - მილიონ 120 ათასმა მოქალაქემ მკვლელებს, მწამებლებს და აგენტურას უთხრა არა. თუ, როგორც თქვენ ამბობთ, ფარულობა იყო დარღვეული, რვა საათზე რა გაზეიმებდათ? რატომ ზეიმობდით რვა საათზე, ტაშ-ფანდური რომ გქონდათ გამართული? თუ ეს პრობლემა იყო მთელი დღის განმავლობაში, რამდენი უცხოელი დამკვირვებელი იყო, ზოგადად, 25 ათას დამკვირვებელზეა საუბარი, რატომ კეთდებოდა მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიური განცხადებები, რატომ კეთდებოდა მხოლოდ და მხოლოდ კარგი შეფასებები? რატომ დადო ეუთო/ოდირმა კარგი შუალედური დასკვნა, ასევე კარგი საბოლოო დასკვნა? თქვენ იზეიმეთ ნაადრევად. ჯერ მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში თქვენ გატყუებდნენ, რომ საოცარი პროცენტები ჰქონდათ. თუ დააკვირდებით თქვენი კვლევების სტატისტიკას 2012 წლიდან, ის აცდენილია რეალობას, ეგზიტპოლები აცდენილია რეალობას. გატყუებდნენ და დღესაც იმავეს აგრძელებენ, რომ როგორმე სახე შეინარჩუნონ. თქვენც მიყვებით ამ ყველაფერს და იჯერებთ. მერწმუნეთ, სხვა რეალობა გვაქვს და მოგიწევთ ამ რეალობაზე შეგუება", - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, არასერიოზულია კითხვები საარჩევნო უბნებზე კამერებთან დაკავშირებითაც.
"კამერები არ ვიცი, მაგრამ ყველაზე საშიში იყო ბეჭდებიანი მილიონერი ქალბატონი. არასერიოზულია ეს ყველაფერი", - აღნიშნა კახა კალაძემ.