13 ნოემბერი 2024,   19:10
ვრცლად
"ეს ადამიანები, პირველი შემთხვევა არ არის, როცა უხეშად არღვევენ ან ცდილობენ დაარღვიონ ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობა" - დავით მათიკაშვილი ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების ვიზიტზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით მათიკაშვილი ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების თბილისში ვიზიტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დელეგაციის წევრთა ნაწილის ქმედებები სრულიად ამოვარდნილი იყო დიპლომატიური ელფერისგან. მისივე შეფასებით, არავის არ უნდა გაუკვირდეს, თუ რატომ არ შეხვდა აღნიშნულ პირებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.

"ეს ადამიანები, პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც საკმაოდ უხეშად არღვევენ ან ცდილობენ დაარღვიონ ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობა. ყველა კომიტეტის თავმჯდომარეზე არ არის საუბარი, მაგრამ მათი ნაწილი [გვახსოვს] როგორ ჩამობრძანდნენ და დადგნენ აქ მიტინგზე, რაც იყო სრულიად ამოვარდნილი ყოველგვარი დიპლომატიური ელფერისგან და რომელსაც ვერაფრით ვერ მივიჩნევთ ჩვენ მეგობრულს ჟესტად. მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში ეს ადამიანები გამუდმებით ცდილობდნენ მაშველი რგოლის ფუნქცია შეესრულებინათ ოპოზიციისთვის - განცხადებებით, ქმედებებით, ვიზიტებით და ა.შ. და დღეს არჩევნების შემდგომ, როდესაც მწარე მარცხი განიცადა რადიკალურმა ოპოზიციამ, არ გააჩნიათ არცერთი რეალური მტკიცებულება იმ ფარსის გასაპრავებლად თითქოს გაყალბდა არჩევნები. არჩევნები მაღალი დემოკრატიულობის პრინციპით ჩატარდა და ყველამ კეთილი ინებოს და მიიღოს ის შედეგები, რომელიც არის საქართველოში, მათ შორის ჩვენი მეგობარი ქვეყნის პარლამენტის წევრებმა, რომელთა საქციელიც ანტიქართულია დღეს. ნამდვილად არ უნდა გაუკვირდეს არავის, არცერთ მათგანს, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ მათ უარი გაუცხადა შეხვედრაზე. ერთი წამით რომ წარმოვიდგინოთ, რა მდგომარეობაში ჩავარდებოდა გერმანიის პოლიტიკური ელიტა, საქართველოს პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე ჩაბრძანდეს იქ და მმართველი კოალიციის წინააღმდეგ მოწყობილ აქციაში მიიღოს მონაწილეობა?! - ეს ისეთი ქმედებაა, რომელიც პასუხს აუცილებლად მოითხოვს," - აცხადებს დავით მათიკაშვილი "დღის კურიერის" ეთერში.

დღის ამბები