ორბელიანების სასახლეში, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოპოზიციონერი წევრები სალომე ზურაბიშვილს შეხვდნენ. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს ცესკოს ოპოზიციონერმა წევრებმა განუცხადეს, პრეზიდენტს ინფორმაცია მიაწოდეს დარღვევების და ცესკოს გადაწყვეტილებების შეახებ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის "ლელოს" პარტიიდან, გიორგი სიორიძის განცხადებით, პრეზიდენტს უნდა ჰქონოდა სრული ინფორმაცია, თუ როგორ ვითარდებოდა მოვლენები ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.
"არჩევნები არის მიტაცებული და მას უნდა ჰქონოდა სრული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ მოვიდა ცესკო აქამდე, როგორ მოიტანა "ქართულმა ოცნებამ". ბუნებრივია, ჩვენ, რომლებიც ვხედავდით საარჩევნო ადმინისტრაციას შიგნიდან ჩვენი ეს ხედვა გავაცანით", - განაცხადა გიორგი სიორიძემ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის "ნაციონალური მოძრაობიდან", დავით კირთაძის განცხადებით, მან პრეზიდენტს ყველა იმ დარღვევის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ფიქსირდებოდა.
"ჩვენ მივაწოდეთ ყველა ის ინფორმაცია დარღვევებთან დაკავშირებით, რომელიც არჩევნების დღემდე მიმდინარეობდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. რაც ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანია, პრეზიდენტი დეტალებით დაინტერესდა, თვითონაც ბევრი რამ იცოდა", - განაცხადა დავით კირთაძემ.