დრონებით შეტევის საფრთხის გამო, უკრაინის რამდენიმე ოლქში საჰაერო განგაში იყო, მათ შორის კიევშიც. განგაშის დროს აფეთქებების ხმა ისმოდა ტერნო-პილში. რის შემდეგაც, ქალაქს ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდების პრობლემები შეექმნა. დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებებიც, დაშავდა სამოქალაქო პირი.
უკრაინამ თეთრი სახლისგან ოფიციალურად მიიღო ამერიკული “ატაკამსის“ რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე შეტევის განხორციელების ნებართვა.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, უკრაინაში ომი კრიტიკულ ეტაპზე გადადის. ჯონ ჰილი მიიჩნევს, რომ ნატო-მ კიევის მხარდაჭერა უნდა გააორმაგოს. ანალოგიური შინაარსის განცხადება გააკეთა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბერლინში, ფრანგ, ბრიტანელ, იტალიელ და პოლონელ კოლეგებთან შეხვედრის შემდეგ. ბორის პისტორიუსის თქმით, ეს ომი აღარ არის რეგიონული კონფლიქტი და მან საერთაშორისო მასშტაბები მიიღო, რადგან კრემლი უცხოურ დაქირავებულ ჯარისკაცებსა და იარაღს იყენებს.
უკრაინაში ომის დასრულების შესაძლებლობა იყო განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა ანკარაში, ნატო-ს გენერალური მდივნისა და თურქეთის პრეზიდენტის შეხვედრაზეც.