26 ნოემბერი 2024,   22:25
ვრცლად
თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ჩიქოვანისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განიხილეს

 

იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების, ასევე საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ჩიქოვანისთვის ნდობის გამოცხადების და სამთავრობო პროგრამისთვის მხარდაჭერის საკითხი განიხილეს.

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება.

ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით, გაგრძელდება „ტოტალური თავდაცვის“ მიდგომის დანერგვით საქართველოს თავდაცვის ორგანიზება.

ირაკლი ჩიქოვანმა ასევე ისაუბრა „თავდაცვის კოდექსით“ გათვალისწინებული სიახლეების განხორციელების ანალიზსა და მისი სრულყოფის პროცესზე.

მინისტრობის კანდიდატმა ყურადღება გაამახვილა სამხედროების საბინაო უზრუნველყოფის პროცესზეც.
„მახათას მთაზე მშენებლობის მეორე ეტაპი დავიწყეთ. პრაქტიკულად, დასრულებულია მოსამზადებელი და საორგანიზაციო სამუშაოები. კიდევ, დაახლოებით, 1200-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე შეძლებს შეღავათიანი პირობებით საცხოვრებლის შეძენას“, –აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

მინისტრობის კანდიდატმა, ასევე, ყურადღება გაამახვილა თავდაცვის უწყების პროგრამებზე, რომლებიც მიმართულია სამხედროებისა და მათი ოჯახების წევრების სოციალური მხარდაჭერისკენ.

ირაკლი ჩიქოვანმა დეპუტატების შეკითხვებსაც უპასუხა.
ოთხივე კომიტეტმა თავდაცვის მინისტრის პოსტზე ირაკლი ჩიქოვანის კანდიდატურას და სამთავრობო პროგრამას მხარი დაუჭირა.

დღის ამბები