ბაშარ ალ ასადის 24-წლიანი რეჟიმის დამხობიდან 1 კვირის თავზე, სირიაში უჩვეულო სიმშვიდეა. 7 მილიონი ადამიანი, ასადის მმართველობის დროს, დევნილად იქცა. ხალხის ნაწილმა ქვეყანაში დაბრუნება დაიწყო.
სირიაში, გარდამავალი მთავრობის პირობებში, "ცახალი", სახმელეთო ოპერაციასთან ერთად, საჰაერო იერიშებსაც აწარმოებს. მათ ისრაელი-სირიის სასაზღვრო ზონა დაიკავეს. ისრაელის განმარტებით, ისინი რადიკალურ დაჯგუფებებს არ მისცემენ შესაძლებლობას, ქვეყნის უსაფრთხოებას
საფრთხე შეუქმნან.
სიტუაციის დასტაბილურებას ცდილობს ამერიკის შეერთებული შტატები. სირიაში მიმდინარე მოვლენების განსახილველად, დიპლომატები იორდანიაში შეიკრიბნენ. მოლაპარაკებების მაგიდასთან ისხდნენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი, გაერო-ს სპეციალური წარმომადგენელი სირიაში და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი, კაია კალასი, ასევე - საგარეო საქმეთა მინისტრები თურქეთიდან და არაბული ქვეყნებიდან.
მოლაპარაკებებს სირიის წარმომადგენელი არ ესწრებოდა. შეხვედრაზე
შეთანხმდნენ, რომ სირიაში ახალი მთავრობის ფორმირება უნდა იყოს ინკლუზიური და პატივი სცენ უმცირესობების უფლებებს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ამბობს, რომ შეერთებულ შტატებს პირდაპირი კონტაქტი ჰქონდა იმ ისლამისტურ დაჯგუფებასთან, რომელიც სირიაში ბაშარ ასადის რეჟიმის დამხობას ხელმძღვანელობდა. მისი თქმით, აშშ-მა, პარტნიორებთან ერთად, შეთანხმებას მიაღწია.
ბაშარ ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ, თურქეთი პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც სირიასთან დიპლომატიური წარმომადგენლობის მუშაობა განაახლა. თურქეთმა საელჩო, რომელიც 2012 წლიდან დახურული იყო, დამასკოში ისევ გახსნა.
ავტორი: მარიამ იობიძე