15 დეკემბერი 2024,   23:45
ვრცლად
630 მართვადი საავიაციო ბომბი, 550 დრონი და 100-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის რაკეტა - რუსეთი უკრაინას ისევ უტევს

უკრაინაში ისევ აფეთქებების ხმა ისმის. რუსი სამხედროების იერიშის მორიგი სამიზნე მიკოლაივი იყო, სადაც სამხედრო მოქმედებები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. შეტევის შედეგად, დაშავდა 2 ადამიანი. სარაკეტო თავდასხმა იყო სუმის ოლქშიც.

ევროპაში ყველაზე დიდი სამხედრო კონფლიქტში რომ კიდევ ერთი ქვეყნის სამხედროები ჩაერთნენ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, კურსკის ოლქში უკრაინელების წინააღმდეგ ბრძოლაში ჩრდილოკორეელი ჯარისკაცები მონაწილეობდნენ. უკრაინის პრეზიდენტი არც იმას გამორიცხავს, რომ მოსკოვმა ჩრდილოეთ კორეელი სამხედროები ფრონტის დანარჩენ სექტორებშიც ჩართოს.

რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ, მხოლოდ ერთ კვირაში, 630-მდე მართვადი საავიაციო ბომბი, 550-მდე დრონი და 100-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის რაკეტა გამოიყენა.

პარასკევს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ მასიური საჰაერო იერიში განახორციელა - 93 ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტა, ასევე, თითქმის 200 დრონი გაუშვა.

ოფიციალური კიევი მიიჩნევს, რომ ეს იყო ყველაზე ძლიერი დაბომბვა, რომელიც რუსეთმა ომის დაწყების შემდეგ უკრაინის ენერგოსექტორის წინააღმდეგ მიმართა. თავდასხმაზე საპასუხო ნაბიჯები ჰქონდა უკრაინასაც. თავდაცვის ძალებმა 81 რაკეტა, მათ შორის 11 რუსული ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდო.

მიუხედავად იმისა, რომ კანცლერი, ოლაფ შოლცი ამბობს, რომ შეცდომა იქნება უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი იარაღის მიწოდება ან რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმის დაშვება, გერმანია კიევის მეორე უმსხვილესი სამხედრო მხარდამჭერი ხდება.

სამხედრო მოქმედებები უკრაინის ტერიტორიაზე ამ დრომდე აქტიურად გრძელდება. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ომში მყოფ ქვეყანას 12 დეკემბერს კიდევ 500 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარება გამოუყო. პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილების შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა.

 

დღის ამბები