მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ მიხეილ ყაველაშვილი საპრეზიდენტო ინსტიტუტს კონსტიტუციურ ჩარჩოებში დააბრუნებს. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეული პრეზიდენტი ქვეყნის საპარლამენტო რესპუბლიკად ჩამოყალიბების დასკვნით კონტურებს შეკრავს. "ოცნების" ლიდერების აზრით, სალომე ზურაბიშვილმა ზეპარტიული თანამდებობა სუბიექტური პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენა, ყაველაშვილი კი, 29 დეკემბრიდან, ამ ტენდენციას შეცვლის.
29 დეკემბერს დაგეგმილ ინაუგურაციას არალეგიტიმურს უწოდებენ ოპოზიციაში. ბარიერგადალახულ ოპოზიციურ პარტიებში ამბობენ, რომ მოქმედმა პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლე არ უნდა დატოვოს. პოლიტიკოსების აზრით, ჩიხური მდგომარეობიდან გამოსავალი მხოლოდ ახალი არჩევნებია.
ოპოზიცია და სალომე ზურაბიშვილის ხედვები რომ თანხვედრაშია, არ უკვირთ მოძრაობაში "ხალხის ძალა". არჩეული პრეზიდენტის პოლიტიკური თანაგუნდელები ზურაბიშვილისგან პროვოკაციებსაც კი არ გამორიცხავენ, თუმცა ამტკიცებენ, რომ, ორი კვირის შემდეგ, საქართველო სრულიად ახალ რეალობაში გადაინაცვლებს.
მიხეილ ყაველაშვილის გაპრეზიდენტებას ქართული პოლიტიკისთვის პოზიტიურ მოვლენას უწოდებენ საპარლამენტო უმრავლესობაში. კანონმდებლები განმარტავენ, რომ პრეზიდენტი, წლებია, ქვეყნის მთავარი კანონით მინიჭებულ უფლებებს არღვევს, მისი მხრიდან, პოსტის შენარჩუნებაზე საუბარი კი საზოგადოების დაპირისპირების მორიგი მცდელობაა.
14 დეკემბერს, საარჩევნო კოლეგიამ, 224 ხმით, ქვეყნის მეექვსე პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილი აირჩია. ყაველაშვილი ოფიციალურად უფლებამოსილების განხორციელებას 29 დეკემბრიდან შეუდგება.