16 დეკემბერი 2024,   01:34
ვრცლად
"ჩემი პირველი მკაფიო პრინციპი იქნება, რომ დავიცვათ კონსტიტუცია" - მიხეილ ყაველაშვილი

ჩემი პირველი მკაფიო პრინციპი იქნება ის, რომ დავიცვათ ჩვენი კონსტიტუცია, – ამის შესახებ საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა გააკეთა. 

კითხვაზე, რთული იქნება თუ არა პრეზიდენტის ინსტიტუტის კონსტიტუციურ ჩარჩოებში დაბრუნება, ყაველაშვილმა უპასუხა: "შეხედულებების მიხედვით თუ ვიცვალეთ პოზიცია, მაშინ რად გვინდა კონსტიტუცია და კანონი?!".

"ვეცდები, ნაკლები ვისაუბრო ქალბატონ სალომე ზურაბიშვილზე, რადგან ბევრი შეფასება მაქვს გაკეთებული წინა პოზიციების დროს მის მიმართ. თუმცა, არის შეუთანხმებლობა.

თუ მე განსხვავებული შეხედულება მაქვს და ვემიჯნები აღმასრულებელი ხელისუფლების პოლიტიკას, მაგრამ კონსტიტუცია ამის საშუალებას არ მაძლევს და პრეზიდენტის როლში, იმ საკონსტიტუციო მოწყობის დროს, თუ მე პატივისცემა მაქვს ჩემი ქვეყნის, ჩემი სამშობლოსი, ჩემი ხალხის, ჩემი მთავარი დოკუმენტისა, მაშინ მე უარს ვამბობ პრეზიდენტობაზე, რადგან დავიცვა კონსტიტუცია, სამაგალითო ვიყო ჩემი მოქალაქისთვის და ამ შემთხვევაში გადავდგები და პოლიტიკურ დაპირისპირებაში გადავალ სხვა პოზიციიდან – აი, ეს იქნებოდა სწორი ნაბიჯი.

აღარაფერს ვსაუბრობ, რამდენად მართალი იყო მისი პოლიტიკური შეხედულებები, ამაზე ხშირად ვსაუბრობდი და დღესაც გრძელდება, როგორ არღვევს და ვის ემსახურება, აღარ გავაგრძელებ. მე სწორედ ჩემს პასუხებში მუდმივად ხაზს ვუსვამ წესსა და პატივისცემას. თუ ჩვენ ამ წესს არ დავუბრუნდებით, ეს პოლარიზაცია უფრო მეტად გაღრმავდება. ანუ, რისი თქმა მინდა – ის ადამიანები, ვინც სამაგალითო უნდა იყოს – პრეზიდენტი, აღმასრულებელი ხელისუფლების, სასამართლოს წარმომადგენელი, პარლამენტის წევრი და ასე შემდეგ, თავად უნდა იყვნენ მაგალითის მიმცემი, რომ ისინი კანონსა და კონსტიტუციას იცავენ.

მიზეზები ყოველთვის არსებობს და სხვადასხვა შეხედულება. შეხედულებების მიხედვით თუ ჩვენ ვიცვალეთ პოზიცია, მაშინ რად გვინდა კონსტიტუცია და კანონი?! თუ ჩვენ ეს მთავარ დოკუმენტად არ გვაქვს და მისდამი პატივისცემა არ გვაქვს. ამაზე მაქვს საუბარი. ამიტომ მარტივად შესაფასებელია, აღარც მინდა, გავაგრძელო. მან კონსტიტუცია დაარღვია, ეს არის მთავარი დანაშაული მისი მხრიდან და შეფასება ჩვენი მოქალაქეების ამ თემასთან დაკავშირებით აუცილებლად უნდა იყოს ერთიანი, მიუხედავად იმისა, ვინმეს მოსწონს, თუ – არა. ანუ, ჩვენთვის შეფასება უნდა იყოს ის, რომ შენ კონსტიტუცია დაარღვიე. შენ მართალიც რომ იყო, რაზეც ჩვენ დაყრდნობილი ვართ, ის დაარღვიე და ეს უნდა იყოს მიუღებელი. აი, ამ გზას უნდა დავადგეთ და ჩემი პირველი მკაფიო პრინციპი იქნება ის, რომ დავიცვათ ჩვენი კონსტიტუცია", – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა ტელეკომპანია "იმედთან". 

დღის ამბები