19 დეკემბერი 2024,   11:56
ვრცლად
BBC: ბრიტანეთი წვრთნების ჩასატარებლად უკრაინაში სამხედროების გაგზავნას განიხილავს

BBC-ის ინფორმაციით, ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინაში ბრიტანელი სამხედროების გაგზავნის შესაძლებლობას განიხილავს, რათა უკრაინის არმიისთვის დამატებითი წვრთნები ჩაატაროს.

თავდაცვის მდივანი ჯონ ჰილი კიევში იმყოფებოდა, სადაც უკრაინისთვის მომავალი მხარდაჭერის გეგმებზე იმსჯელეს.

თავად ჰილიმ BBC-თან ამ გეგმების დეტალებზე საუბარი არ ისურვა, თუმცა თავდაცვის წყაროების ცნობით, არ გამოირიცხება ბრიტანელი სამხედროების უკრაინაში გაგზავნა წვრთნების ჩასატარებლად.

ამჟამად, ბრიტანეთი უკრაინელ სამხედროებს საკუთარ ტერიტორიაზე წვრთნის. ასევე, უკრაინაში ბრიტანელი სამხედრო ექიმების მცირე ჯგუფი მუშაობს, რომლებიც სამედიცინო სფეროში წვრთნებს ატარებენ.

ჰილიმ უკრაინას 225 მილიონი ფუნტის ღირებულების სამხედრო დახმარება აღუთქვა, რომელიც დრონებს, საარტილერიო ჭურვებსა და საჰაერო თავდაცვის სისტემებს მოიცავს.

"ჩვენი და უკრაინის ერთობლივი გეგმის დეტალები [რუსეთის] პრეზიდენტისთვის, ვლადიმერ პუტინისთვის უცნობი უნდა დარჩეს", - განაცხადა ჰილიმ BBC-სთან საუბარში.

ბრიტანელი სამხედროების უკრაინაში გაგზავნის საკითხი დღეს, ბრიუსელში დაგეგმილ შეხვედრაზეც განიხილება, სადაც მონაწილეობას ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანი დევიდ ლემი, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და ნატოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლები მიიღებენ.


წყარო: BBC

დღის ამბები