ოფიციალური ვიზიტის მეორე დღე - ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი შეხვედრებს დილიდან იწყებს. ალენ ბერსეს, მის მიერვე სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დღეს მთელი დღის განმავლობაში ექნება შეხვედრები ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან.
ხელისუფლების ოპონენტების თქმით, საპროტესტო აქციებსა და მოთხოვნებთან ერთად, ისინი იმ კონკრეტულ საკანონმდებლო ცვლილებებზე გააკეთებენ აქცენტს, რომელიც დემოკრატიული ქვეყნებისთვის მიუღებელია.
"ევროსაბჭო ძალიან მნიშვნელოვანი ორგანო და საერთაშორისო გაერთიანებაა, რომლის წევრიც საქართველოა. მე არ ვიცი, რა კონკრეტული ფუნქციით ჩამოდის მისი გენერალური მდივანი ამ კონკრეტულ შემთხვევაში, თუმცა მასთან ერთად იქნებიან ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა, კანონის უზენაესობის და დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართულების ხელმძღვანელები.
სავარაუდოდ, იქნება საუბარი იმაზე, თუ რა ხდება ქვეყანაში და როგორია დემოკრატიული სისტემების უკუსვლა, ადამიანების უფლებების მიმართულებით პრობლემები და ა.შ. საუბარი უნდა იყოს იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც აკანონებს ავტორიტარულ სისტემას ქვეყანაში", - აცხადებს პარტია "საქართველოსთვის" წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი.
კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრის, ლანა გალდავას განცხადებით, ისინი წარუდგენენ ყველა იმ მტკიცებულებას, რომელიც არსებობს, მისივე თქმით, არჩევნების გაყალბებისა და ადამიანების წამების მიმართულებით.
"ცხადია, ჩვენ წარვადგენთ ყველა იმ მტკიცებულებას, რაც გვაქვს გაყალბებული არჩევნების შესახებ, რაც გაგვაჩნია ადამიანების უმოწყალო წამებასთან დაკავშირებით და, ასევე, იმ გზებთან დაკავშირებით, რაც არის აუცილებლად გასატარებელი. ეს არის: პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ხელახალი არჩევნების დანიშვნა ცესკოს ახალი ადმინისტრაციითა და აუცილებლად საერთაშორისო ჩართულობით", - აცხადებს ლანა გალდავა.
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ევროპის საბჭოს გენმდივანი უკვე შეხვდა მესამე სექტორის ნაწილსა და ომბუდსმენს. ალენ ბერსე თბილისში სამშაბათს, გვიან ღამით ჩამოფრინდა. აეროპორტში მას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია დახვდა.