19 დეკემბერი 2024,   11:22
ვრცლად
"ამ დონის სტუმრის ჩამოსვლა საგანგებოდ მნიშვნელოვანია, იმ თემებზე სასაუბროდ, რომელიც არა მარტო საქართველოს, არამედ რეგიონსა და მსოფლიოს აწუხებს" - გიორგი ვოლსკი ალენ ბერსეს ვიზიტზე

"ქართული ოცნება" ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ვიზიტს მნიშვნელოვანს უწოდებს. მმართველი პარტია აცხადებს, რომ ამ ვიზიტით და შეხვედრებით, წერტილი დაესვა სპეკულაციებს, რომ ხელისუფლება არალეგიტიმურია.

"საერთაშორისო პოლიტიკა არ ითვალისწინებს მუდმივ დაძაბულობასა და დაპირისპირებას, მაშინ მითუმეტეს, როდესაც გაქვს არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, რომ არც არჩევნები გაყალბებულა და არც საგარეო კურსი იცვლება. არის გარკვეული პირობები, რომელსაც საქართველო არ დათმობს იმ ინტერესებიდან გამომდინარე, რომელიც მის ხალხს გააჩნია. რასაკვირველია, ამ დონის სტუმრის ჩამოსვლა საგანგებოდ მნიშვნელოვანია, იმ თემებზე სასაუბროდ, რომელიც არა მარტო საქართველოს, არამედ რეგიონსა და მსოფლიოს აწუხებს," - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ.

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი საქართველოში ოფიციალურ ვიზიტს აგრძელებს. ალენ ბერსე უკვე შეხვდა "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს. დეტალები უცნობია. მანამდე კი ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრა გამართა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან. აუდიენცია კანცელარიაში საათ-ნახევარს გაგრძელდა და მას მთავრობის მეთაურის გარდა, საგარეო საქმეთა მინისტრიც ესწრებოდა. ალენ ბერსე იმყოფებოდა საკანონმდებლო ორგანოშიც - შეხვდა პარლამენტის თავმჯდომარესა და უმრავლესობის წევრებს.

 

დღის ამბები