პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი არც ქართველ ხალხს სცემს პატივს და არც საქართველოს კონსტიტუციას.
მისივე თქმით, ზურაბიშვილის ერთადერთი ამოცანაა, რომ უცხოური ძალების დავალებები შეასრულოს.
"სალომე ზურაბიშვილს კონსტიტუცია რომ წაეკითხა და თავისი პატრონების დავალების შესაბამისად რომ არ ემოქმედა, კარგად დაინახავდა, რომ სულ სამი ვარიანტია, როდესაც შეიძლება დაინიშნოს არჩევნები - ეს არის, მორიგი არჩევნები, კონსტიტუციის შესაბამისად, რომელიც იმართება 4-წლიანი ციკლის დასრულების შემდეგ. ეს არის რიგგარეშე არჩევნები, რომელიც ერთადერთ შემთხვევაში ინიშნება - როდესაც პარლამენტი ვერ ახერხებ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას, თან ორჯერ და მესამე ვარიანტი, რომელსაც ხელახალი არჩევნები ჰქვია, არის იმ შემთხვევაში, როდესაც ცენტრალური საარჩევნო კომისია სასამართლო საერთო წესით, ან საკონსტიტუციო სასამართლო არ ცნობს არჩევნების შედეგებს და ამ შემთხვევაში ინიშნება ხოლმე არჩევნები. არცერთი ამ სამი საფუძვლიდან სახეზე არ არის და რა უნდა მოიგონოს სალომე ზურაბიშვილმა იმისთვის, რომ პატრონების დავალება შეასრულოს, წარმოუდგენელია. მისი განცხადებები კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ეს ადამიანი არც ქართველი ხალხის ნებას სცემს პატივს, არც საქართველოს ფუძემდებლურ კანონმდებლობასა და საქართველოს კონსტიტუციას. მისი ინტერესები, მხოლოდ და მხოლოდ კონკრეტული ძალების დავალების შესრულებაა", - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
სალომე ზურაბიშვილმა "ქართული ოცნების" ლიდერებსა და ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდა, მივიდნენ ორბელიანების სასახლეში და გაიმართოს მსჯელობა ახალ არჩევნებზე. ზურაბიშვილის განცხადებით, არჩევნების დანიშვნის თარიღი შეთანხმებული უნდა იყოს 29 დეკემბრამდე.