ანტისახელმწიფოებრივი და მოღალატეობრივი - ასე აფასებს მმართველი გუნდი მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომელმაც ჯარს მიმართა. "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ჯარს მოუწოდებს, არ დაემორჩილოს ახალ პრეზიდენტს და მონაწილეობა არ მიიღოს 29 დეკემბერს დაგეგმილ ინაუგურაციაში.
"ინაუგურაცია იქნება არალეგიტიმური და ეგრეთ წოდებულ ახალ პრეზიდენტს არ უნდა დაემორჩილოს ჯარი", - წერს მამუკა ხაზარაძე, რომელსაც ამ განცხადების გამო მწვავედ აკრიტიკებს მმართველი გუნდი. ხაზარაძის მოსაზრებებს იზარებს ოპოზიციის ნაწილი.
ოპოზიციის ნაწილი ხაზარაძის განცხადებას ეთანხმება და მიიჩნევს, რომ ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი ქვეყანაში სალომე ზურაბიშვილია და ქართული ჯარიც მის გადაწყვეტილებებს უნდა დაემორჩილოს.
"ვფიქრობ, რომ ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი საქართველოში და მთავარსარდალი არის სალომე ზურაბიშვილი. შესაბამისად, მის გადაწყვეტილებებს უნდა დაემორჩილოს საქართველოს ჯარი, მორჩა და დამთავრდა. ეს არის ჩემი პოზიცია.
უკანონო გადაწყვეტილებებს და ანტიკონსტიტუციურ დანაშაულებრივ გადაწყვეტილებებს არც ჯარი უნდა დაემორჩილოს, არც პოლიცია და არც სასამართლო", - პლატფორმა ”ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე.
რაც შეეხება გახარიას პარტიას, პარტიის ”გახარია საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ბექა ლილუაშვილი ხაზარაძის განცხადებას რადიკალურს უწოდებს.
"თავისი შინაარსით არის რადიკალური მოწოდება, ჩვენ ამის თქმის არანაირი დისკომფორტი არ გვაქვს. ქართული ჯარი არის ღირსეული ადამიანებისგან დაკომპლექტებული ჯარი და არა მგონია, რომ მათ თავის ქმედებებზე, მათ შორის როცა საუბარი არის მოწოდებებზე დაუმორჩილებლობაზე და რაღაც მსგავსი, მე ვიტყოდი ასე რადიკალურ ნაბიჯებზე, გარედან მოწოდებები არა მგონია ამაზე რაიმე გავლენას მათზე ახდენდეს", - განაცხადა პარტიის "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა ბექა ლილუაშვილმა.