პრემიერ მინისტრისა და ბიზნეს სექტორის 4 საათიანი შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში დასრულდა. დახურული შეხვედრიდან გამოსული კერძო სექტორის წარმომდგენლები აცხადებენ, რომ მთავარი თემა ქვეყანაში მიმდინარე პროცესები იყო, რასთან დაკავშირებითაც, მათ საკუთარი პოზიციები დააფიქსირეს.
პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, ლაშა პაპაშვილი, რომელიც აცხადებს, რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარება ეკონომიკის სხვადასხვა მიმართულებაზე უკვე აისახა.
"არ უნდა გაგრძელდეს ასე, ეკონომიკა როგორმე უნდა შევინარჩუნოთ, იმიტომ, რომ უკვე ეტყობა სხვადასხვა მიმართულებებით, ეს იქნება ტურიზმი თუ ეს იქნება სარესტორნო ბიზნესი. ძალიან ვარდნაა და უნდა გამოვიდეთ ყველა ერთად ამ მდგომაროებიდან. ამ მთავრობის დამსახურება რაც არის და ბიზნესის დამოუკიდებლობა დაფიქსირდა კიდევ ერთხელ. იმ ოთახში ისხდნენ დღევანდელი მთავრობის პოლიტიკის მომხრეებიც და მოწინააღმდეგეებიც. ყველაზე მთავარი, რაზეც შეთანხმდნენ, რომ ცალკე იქნება პოლემიკა, ალბათ ღია ეთერში, უკვე დაფიქსირდა სახელები და გვარებიც, ვინც ოპონირებდნენ პრემიერ- მინისტრთან და იმათ შეხვდება საჯაროდ," - აცხადებს ლაშა პაპაშვილი.