სამხრეთ კორეაში თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა. დაღუპულია 179, გადარჩა მხოლოდ 2 ადამიანი. გავრცელებული ინფორმაციით, მათგან ორივე ეკიპაჟის წევრია. ჯანდაცვის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ სიცოცხლეს, ამ ეტაპზე, საფრთხე არ ემუქრება. თვითმფრინავში 175 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა.
ავიაკატასტროფა ადგილობრივი დროით 09:00 საათზე მოხდა. თვითმფრინავი ტაილანდიდან მუანის აეროპორტში ჩაფრინდა, დაშვების დროს კი ბილიკიდან გადავიდა, კედელს დაეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა. ოფიციალური უწყებების თანახმად, კატასტროფა თვითმფრინავის "დამხმარე მექანიზმის გაუმართაობამ" გამოიწვია.
სამაშველო სამუშაოები ავიაკატასტროფიდან მალევე დაიწყო. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო 700-ზე მეტი პოლიციელი, ჯარისკაცი, სასწრაფო დახმარების 1 500-ზე მეტი თანამშრომელი და სასაზღვრო დაცვის წარმომადგენლები.
გავრცელებული ინფორმაციით, Jeju Air-მა, რომელიც სამხრეთ კორეის ერთ-ერთი უმსხვილესი, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა, პირველად განიცადა ავიაკატასტროფა. კომპანიის აღმსრულებელი დირექტორი მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილთა ოჯახებს ბოდიშს უხდის.
სამხრეთ კორეაში 7-დღიანი გლოვა გამოცხადდა. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ჩოი სანგ-მოკმა მომხდარის გამო ტერიტორია სპეციალური კატასტროფის ზონად გამოაცხადა.
მუანის საერთაშორისო აეროპორტიდან ყველა შიდა და საერთაშორისო რეისი გაუქმდა.