21 ივნისი 2026,   18:53
ვრცლად
ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატები გაიმართა - კრიტიკულთან ერთად, ისმოდა დადებითი შეფასებებიც

ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატები გაიმართა. სიტყვით 27 ევროპარლამენტარი გამოვიდა და საქართველოში მიმდინარე ვითარების შესახებ საკუთარი პოზიცია გამოთქვა.

განხილვა შინაგან საქმეთა და მიგრაციის საკითხებში ევროკომისარმა, მაგნუს ბრუნერმა გახსნა. დებატი ერთ საათს გაგრძელდა. კრიტიკულთან ერთად, ისმოდა დადებითი შეფასებებიც.

ევროკავშირში შინაგან საქმეთა და მიგრაციის ევროკომისრის განცხადებით, "საქართველოს მზარდი დემოკრატიული ვარდნა რეალურად ძალიან საგანგაშოა".

"საქართველოს მზარდი დემოკრატიული ვარდნა რეალურად ძალიან საგანგაშოა. ოფიციალურმა პირებმა ბოლო დროს რიგი კანონების შესწორებები აამოქმედეს, რომლებიც ფუნდამენტურ უფლებებს ზღუდავს.

მსგავსი ქმედებები არ შეესაბამება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანას. ევროკავშირი სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს და მოვუწოდებთ ოფიციალურ პირებს, სწრაფი ქმედება განახორციელონ, რათა დაძაბულობა განმუხტონ. უსამართლოდ დაპატიმრებულები უნდა გაათავისუფლონ და უნდა გამოიძიონ ძალადობის ფაქტები", - განაცხადა მაგნუს ბრუნერმა.

ბრანისლავ ონდრუშის განცხადებით, აბსურდული ბრალდებებია თითქოს, საქართველოს ხელისუფლება პრორუსულია.

"ყველაზე აბსურდული ბრალდებები არის ის, რომ საქართველოს ხელისუფლება არის პრორუსული. როგორ შეიძლება მთავრობა იყოს პრორუსული, რომელიც არ შეეგუა თავისი ტერიტორიის 20%-ზე მეტი ოკუპაციას, რომელიც ითხოვს რუსების გაყვანას და რომელიც იბრძვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად? დღევანდელი ვითარება ქართული რეალობის უგულებელყოფისა და საქართველოს შიდა საქმეებში ევროპელი პოლიტიკოსების უპრეცედენტო ჩარევის შედეგია. ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულების ცვლილება წარმოადგენს თავდაცვის მექანიზმს ევროპის უსამართლო ზეწოლის საპასუხოდ. რუსეთთან მიმართებაში არსებული რთული ქართული რეალობის შემწყნარებლობისა და გაგების ნაცვლად, ევროკავშირმა დაიწყო ქართველებისთვის კარნახი, მიუხედავად იმისა, თუ რა გავლენას მოახდენს მათ ეკონომიკასა და თავდაცვაზე ეს. საქართველო რეალურად განწირულია რუსეთთან დაბალანსებული ურთიერთობებისთვის, რადგან ევროკავშირს არ შეუძლია უსაფრთხოების გარანტიების შეთავაზება. რუსული ჯარი თბილისში შეიძლება სამ დღეში იყოს. და შეგახსენებთ, რომ ევროკავშირი მრავალი წლის განმავლობაში მეგობრულად თანამშრომლობდა რუსეთთან, მიუხედავად საქართველოს ტერიტორიის დიდი ხნის ოკუპაციისა. ამიტომ მოვუწოდებ ჩვენი მიდგომის შეცვლას და საქართველოსთან ურთიერთპატივისცემის საფუძველზე ურთიერთობისა და პარტნიორული დიალოგის განახლებას", - განაცხადა ევროპარლამენტარმა ბრანისლავ ონდრუშმა.

ევროპარლამენტის დეპუტატის ლიეტუვიდან, მუდმივი მომხსენებელი საქართველოს საკითხზე, რასა იუკნევიჩიენის განცხადებით, ევროპარლამენტი მკაფიო უნდა იყოს ქართველი ხალხის მხარდაჭერის კუთხით.

"მაშინ, როცა ქართველები იბრძვიან ევროპული გზისთვის, ჩვენი მოვალეობაა, ვიყოთ მკაფიო ჩვენს მხარდაჭერაში: პირველი - ქართველი ხალხის ერთადერთი ნამდვილი და ლეგიტიმური წარმომადგენელი და ერთადერთი აღიარებული თანამდებობის პირი არის სალომე ზურაბიშვილი, მეორე - "ქართული ოცნება" და თვითგამოცხადებული ერთპარტიული პარლამენტი არ არის ლეგიტიმური ხელისუფლება, მოვუწოდებ ევროკავშირის ლიდერებს, წევრ სახელმწიფოებს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, თავი შეიკავონ ყველა ქმედებისგან, რაც მოახდენს თვით დანიშნული "ქართული ოცნების" ხელისუფლების ლეგიტიმაცია", - განაცხადა რასა იუკნევიჩიენმა.

ევროპარლამენტარის, ტიერი მარიანას განცხადებით, ბრიუსელი ქართველების გადაწყვეტილების გადახედვის საკითხში ჩარევას ცდილობს.

"ჩვენ უნდა გამოვიჩინოთ ჩვეულებრივი პატივისცემა ერების მიმართ. ჩვენ არ უნდა ვხედავდეთ ევროკავშირის ჩარევას. ხალხი ფლობს ძალაუფლებას საქართველოში. 20 დეკემბერს, ანგარიში, რომელიც საქართველოს შესახებ იქნა წარდგენილი, ამბობს, რომ აბსოლუტურად არ არსებობდა არავითარი უცხოური ჩარევა, ბრიუსელი კი ჩარევისკენ მიდის, იმისთვის, რომ ქართველების გადაწყვეტილება გადაიხედოს. ვნახეთ ბევრი დაშავებული პოლიციის ოფიცერი, გსურთ თუ არა ქაოსში ჩართვა? ეს თავისუფალი ქვეყანაა. საქართველოს უნდა ევროპა, მაგრამ ის ევროპა, რომელიც პატივს სცემს არჩევანს და საქართველო არ გახდება ბრიუსელის კოლონია", - განაცხადა ტიერი მარიანმა.

დღის ამბები