
მონაწილეობა მსოფლიო მთავრობათა სამიტში და მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები - საქართველოს დელეგაციამ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტი დაასრულა. პრემიერ-მინისტრმა ვიზიტი მედიასთან შეაჯამა და განმარტა, რომ ქართული დელეგაციის წევრებმა სამიტის ფარგლებში, პარტნიორებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ ობიექტური ინფორმაცია მიაწოდეს.
სამიტის დასკვნით დღეს, ირაკლი კობახიძე დელეგაციის წევრებთან ერთად, პანელურ დისკუსიას დაესწრო. სესიაზე, რომელიც ხელოვნური ინტელექტის თემას მიეძღვნა, მთავარი სპიკერი აშშ-ს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო. ილონ მასკმა ამერიკის ახალი მთავრობის ადმინისტრაციის პოლიტიკურ პრიორიტეტებზე ისაუბრა და პირდაპირ თქვა, რომ შეერთებული შტატების წინა ხელისუფლება ზეწოლას ახდენდა და ახლად არჩეული პრეზიდენტის ინტერესებში არ შედის სხვა ქვეყნების შიდა საქმიანობაში ჩარევა. მასკმა საკუთარ სიტყვაში, ასევე ყურადღება ბიუროკრატიასთან ბრძოლის აუცილებლობაზე გაამახვილა და განმარტა, რომ ამერიკის ფედერალური მთავრობის სააგენტოები უნდა გაუქმდეს.
სამი დღის განმავლობაში ქართული დელეგაციის წევრებმა დუბაიში ორმხრივი შეხვედრები გამართეს. მსოფლიო მთავრობათა სამიტის ფარგლებში ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდა. პრემიერ-მინისტრები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში, მთავრობათაშორისი სამიტი ბუდაპეშტში გაიმართება. საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის განსახორციელებელ საერთაშორისო პროექტებზე ისაუბრა ირაკლი კობახიძემ არაბ კოლეგასთან შეხვედრაზე. საქართველოში არსებული ხელსაყრელი ბიზნესგარემო - ტურიზმის, უძრავი ქონებისა და ენერგეტიკის სფეროებში ინვესტირების შესაძლებლობა განიხილა ირაკლი კობახიძემ ქუვეითის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრთან. ქართული დელეგაციის წევრები აბუ დაბის პორტების ჯგუფსაც შეხვდნენ, სწორედ მათი ინვესტიციით ხორციელდება თბილისის მშრალი პორტის პროექტი, რომელიც 2025 წელს უნდა დასრულდეს.
2025 წლის მსოფლიო მთავრობათა მე-12 სამიტი დუბაიში გაიმართა. საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობისა და ამ მიმართულებით არსებული გამოწვევების დაძლევის გზებზე, სამი დღის განმავლობაში 30-ზე მეტი სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური, 8-ზე მეტი საერთაშორისო ორგანიზაცია და 140 ქვეყნის სამთავრობო დელეგაცია მსჯელობდა.