
პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისია დღეს მესამე შეხვედრას გამართავს. განიხილავენ ბიზნესზე ზეწოლისა და ერთ-ერთი წამების საქმეს. საუბარია ბესო ხარძიანის საქმეზე.
"ნაციონალური მოძრაობის" საქმიანობის სამართლებრივ-პოლიტიკური შეფასების აუცილებლობაზე ამახვილებენ ყურადღებას მმართველ გუნდში. მათი განმარტებით, საზოგადოებამ უნდა იცოდეს იმ კონკრეტული დანაშაულების შესახებ, რომლებიც ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა ჩაიდინეს.
"შეფასებები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სამართლებრივ, არამედ პოლიტიკურ ნაწილშიც. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ, განსაკუთრებით ახალმა თაობამ, რომელსაც არ ახსოვს ის პერიოდი, კიდევ ერთხელ აღიდგინოს და გაითავისოს, რა სჭირდება ჩვენს ქვეყანას - რომ დანაშაულებრივი მოქმედებები, რომელიც არსებობდა, არ იმსახურებს მხოლოდ სამართლებრივ შეფასებას. ეს არის ძალიან მძიმე პერიოდი საქართველოს ისტორიაში", - აცხადებს გიორგი ვოლსკი.
ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ კომისიის მიზანი სამართლიანობის აღდგენა არ არის.
შეგახსენებთ, კომისიამ წინა ხელისუფლების დროს ჩადენილი ქმედებები უნდა გამოიძიოს და, 6 თვის შემდეგ, პროკურატურას სამართლებრივი რეაგირებისთვის მიმართოს.