
ბადრი ჯაფარიძეს და მამუკა ხაზარაძეს საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაზე მისასვლელად უწყება გაეგზავნათ. ბიზნესის რეკეტი და მილიონობით ლარის ღირებულების ჩამორთმევა - 25 მარტს "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის მთავარი განსახილველი საკითხი იქნება. საუბარია, ბენზინგასამართი სადგურების ქსელის "მაგნატის" სავარაუდო უკანონო გზით ჩამორთმევის საქმეზე. კომპანია, რომელიც ნავთობიმპორტიორთა ბაზრის 10 პროცენტს ფლობდა, სააკაშვილის ხელისუფლების დროს მალევე დავით კეზერაშვილთან ასოცირებული ფირმის საკუთრება აღმოჩნდა. ყოფილ ბანკირებთან ერთად, დროებით კომისიას ჩვენება დაზარალებულმა ბიზნესმენმა ჯემალ ლეონიძემაც უნდა მისცეს. სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ "ლელოს" ლიდერები, "ნაცმოძრაობის" მმართველობის დროს უკანონო საქმიანობაში აქტიურად იყვნენ ჩართული.
რა როლი ჰქონდათ ხაზარაძე-ჯაფარიძეს "მაგნატის" გაკოტრების საქმეში - ამ კითხვაზე მათ თანაპარტიელებს პასუხი არ აქვთ. "კურიერის" კამერასთან გამოჩენა დღეს არც ყოფილმა ბანკირებმა ისურვეს. მათი პოზიციის დაცვა კი "ნაციონალურ მოძრაობას" მოუწია. ყოფილ სახელისუფლებო პარტიაში ამტკიცებენ, რომ დროებით კომისიას მსგავსი გამოძიების მანდატი არ აქვს.
მამუკა ხაზარაძის პოზიციას რომ "ნაციონალური მოძრაობა" იცავს, ეს მმართველ გუნდში არ უკვირთ. საპარლამენტო უმრავლესობაში ყოფილი ბანკირებისა და სააკაშვილის ხელისუფლების მჭიდრო კავშირებზე საუბრობენ. "მაგნატის", ბანკი "კონსტანტასა" და "ელიტ ელექტრონიქსის" საქმეები, მათი თქმით, ამ კავშირის მტკიცებულებაა. პოლიტიკოსებმა "ლელოს" ლიდერებს დღეს ისიც შეახსნეს, რომ საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობაზე უარი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობით შეიძლება დაისაჯოს.
ითანამშრომლებენ თუ არა კომისიასთან "მაგნიტის" გაკოტრებისა და გადაფორმების საქმეზე ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე, ცნობილი ხვალ გახდება. დროებითი საგამოძიებო კომისია უკვე თვეზე მეტია "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების საქმიანობის დეტალებს სწავლობს.