
დილიდან პოლიტიკური შეფასებების თემაა შალვა პაპუაშვილის განცხადება, რომელიც ომში ჩართვისკენ მოწოდებებსა და გზავნილებზე საუბრობს. ოპოზიციური სპექტრის განცხადებით, მეტი მტკიცებულებაა საჭირო იმისთვის, რომ დამაჯერებელი გადეს მმართველი გუნდის რიტორიკა იმის შესახებ, რომ საქართველოსგან ომში ჩართვას ითხოვდნენ.
"რამდენადაც ირაკლი კობახიძე და ვერც ვერავინ სხვა ვერ ასახელებს, ვინ არის ის "შავი კაცი," რომელიც ომს აძალებდა ივანიშვილის "ოცნებას," ახლა ცდილობენ ამ პროპაგანდითა და მანიპულაციებით, ისევე, როგორც კონტექსტის შეცვლით, გაზარდონ შთაბეჭდილება, რომ დასავლეთია ის ძალა, რომელსაც საქართველოს ომში ჩართვა უნდა," - აღნიშნა "გახარია საქართველოსთვის" წევრმა თეონა აქუბარდიამ.
ოპოზიციის თქმით, პირიქით, დასავლეთს ცალსახად არ სურს საქართველოს ომში ჩართვა.
"საქართველოში თუკი ვინმეს არ სურს ვითარების არევა, დაძაბვა და, მით უმეტეს, საომარ მდგომარეობაში გადასვლა, ეს არის ცალსახად დასავლეთი. იმიტომ, რომ იზოლაციონისტური პოლიტიკა, რუსეთთან ერთი-ერთზე დარჩენა ვიცით ამ ქვეყნის ისტორიიდან გამომდინარე, რას ნიშნავს," - განაცხადა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ლევან სანიკიძემ.
ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარე წერს, რომ უკრაინაში ომის დაწყებიდან სამი წლის შემდეგ, უფრო შემზარავი ხდება იმ მასალების გახსენება, რაც სხვადასხვა ეტაპზე წარმოაჩენდა ომის მოსურნე ჯგუფების მიდგომას ჩვენს რეგიონთან მიმართებაში. სპიკერი იხსენებს მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორის ინტერვიუს და ასახლებს ომში ჩართვისკენ მოწოდებებსა და კონკრეტულ მაგალითებს. მისივე თქმით, ომის მოსურნე ელიტის თამაში მსოფლიო პოლიტიკაში ჯერჯერობით დასრულებული არ არის.