03 ოქტომბერი 2024,   15:20
ვრცლად
თბილისში თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარს ხურავენ? - განხილვა საკრებულოში

თბილისში, შესაძლოა, ძაღლების ერთ-ერთი ყველაზე დიდი თავშესაფარი დახურონ. საუბარია თამაზ ელიზბარაშვილის  ძაღლების თავშესაფარზე, სადაც შეფარებული ცხოველების რაოდენობა 300-ს აჭარბებს.

თავშესაფარი ვაკეში, გივი სვანიძის ქუჩაზე მდებარეობს და ის კერძო საკუთრებაა.

თავშესაფრის დახურვის მოთხოვნით სვანიძის ქუჩის მაცხოვრებლების ნაწილი გამოდის. ისინი აცხადებენ, რომ თავს უსაფრთხოდ ვერ გრძობენ.

„გვაწუხებს 400 ძაღლის ყმუილი და სუნი. დაიხუროს ეს თავშესაფარი და სხვაგან გადაიტანონ,“ - აცხადებენ მომჩივანი მხარის წარმომადგენლები.

დღეს ამ საკითხზე საკრებულოში სხდომა გაიმართა. გარემოს დაცვის კომიტეტის სხდომაზე მომჩივანი და მოპასუხე მხარის წარმომადგენლები იყვნენ მიწვეულები. საკითხის განხილვა სხდომაზე ვერ მოხერხდა, რადგან მხარეებმა ერთმანეთს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

„სასაფლაოზე აგიყვან და მოგკლავ!“ - ასე მიმართა თამაზ ელიზბარაშვილს ერთ-ერთმა მომჩივანმა, ტარიელ ჭანტურიძემ. ჭანტურიძე ერთ-ერთია იმ მოქალაქეთა შორის, რომლებიც ძაღლების თავშესაფრის დახურვის მოთხოვნით გამოდიან.

სხდომაზე კომენტარი გააკეთა თამაზ ელიზბარაშვილმაც.

„მე არ დავხურავ ამ დაწესებულებას. ეს არის ძალიან კარგი საქმე და ეს ხელს არავის არ უშლის,“ - განაცხადა ელიზბარაშვილმა.

ძაღლების თავშესაფრის მეპატრონემ საკრებულო მხარედ მოიხსენია.

ელიზბარაშვილი თავშესაფრის დახურვას არ გეგმავს და აცხადებს, რომ იბრძოლებს უფლებების დასაცავად.

სხდომას ესწრებოდნენ ელიზბარაშვილის მომხრეებიც. მათ შორის იყვნენ ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია, უფლებადამცველი ლაშა ჩხარტიშვილი.

სხდომის დროს საკრებულოს შენობასთან აქცია მიმდინარეობდა, სადაც მოქალაქეები თავშესაფრის შესაძლო დახურვას აპროტესტებდნენ. 

დღის ამბები